ზურაბიშვილი: ახალი პატრიარქის პირველი ნაბიჯი სინდისის პატიმართა შეწყალება უნდა იყოს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზიდან ვიდეომიმართვით მიულოცა მოსაყდრე შიოს პატრიარქად გამორჩევა და მოუწოდა, სინდისის პატიმრები შეიწყალოს.
„მოგესალმებით პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც ამ საღამოს საქართველოს საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღება იგეგმება. კენჭისყრა ამ საღამოს გაიმართება და მას დავესწრები, მაგრამ ვერ გავუჩუმდები დღევანდელ მოვლენებს,” — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ექსპრეზიდენტის სიტყვებით, ახალ პატრიარქს სურს, „გააგრძელოს გზა, რომელიც ქართული ეკლესიის გზაა — დამოუკიდებლობის განმტკიცება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია.”
„ამისთვის ერთი ნაბიჯია, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, ამ სურვილს ძალიან ბევრი იზიარებს: პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი — და ამით ახალი ფურცლიდან დავიწყოთ,” — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად 11 მაისს სენაკ-ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს. სინოდის 39 წევრიდან მან 22 ხმა მიიღო. ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლში გაიმართება.