ზურაბიშვილი დავითაშვილის SOCAR-ის კომპანიაში დანიშვნაზე: „ყველაფერი იყიდება”
ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის გვერდზე ეხმაურება ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ყოფილი ვიცე-პრემიერის და ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საკითხების მრჩეველის ლევან დავითაშვილის SOCAR-ის შვილობილ იტალიურ კომპანიაში CEO-დ დანიშვნას.
„ანუ ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, სულ რაღაც თვეების წინ დაინიშნა პრემიერის მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში, შეიძლება განუჩინარდეს — მივლინებაში წასვლით გაფორმებული — და … სულ ცოტა ხანში პირდაპირ SOCAR-ს „მიეყიდოს” და SOCAR-ის მიერ შეძენილ იტალიურ კომპანიაში CEO-დ დაინიშნოს. ეს ნიშნავს, რომ „ოცნებისთვის” და მის მოხელეებისთვის ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, არც ქვეყნის ინტერესების დაცვა, არც სტრატეგიული საიდუმლოების შენარჩუნების ვალდებულება!” — წერს ზურაბიშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი ამ ფაქტს ფართო კონტექსტშიც განიხილავს: „ყველაფერი იყიდება! და კიდევ — როცა შენი მოადგილე მკაცრად ისჯება მასშტაბური კორუფციის ბრალდებით, მინისტრს გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს, ან თუნდაც პასუხისმგებლობის განცდა მას ადარდებდეს. მაგრამ არა! მათთვის ასეთი პრინციპები არ არსებობს — შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ საქმიანობა და ფულის კეთება ყველაფრის მიუხედავად!”
ზურაბიშვილი პოსტს ასე ამთავრებს: „ესეც „ოცნების” ჩინოვნიკების მიერ გაგებული და პრაქტიკაში ასახული პატრიოტიზმი, ღირსება და სამართალი.”