ზურაბიშვილი: „არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება — მაგრამ ის არჩევნები, რაც გავიარეთ, არ გამეორდეს”
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა, მომავალი არჩევნების თემაზე ისაუბრა:
„ეს რეჟიმი შეიძლება იძულებული გახდეს, რომ დანიშნოს არჩევნები. როდის, როგორ — ვერ ვიტყვი. მაგრამ ერთი ვიცი: ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. მზად — შინაგანად, რომ ბოიკოტი კი არა, მონაწილეობა ავირჩიოთ. არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება, სხვა გზა არ არსებობს.
მაგრამ არჩევნები არ უნდა იყოს ის არჩევნები, რაც გავიარეთ. ნდობა, დაცვა, ელექტრონული სისტემის გამჭვირვალობა, საზღვარგარეთ ხმების დაბრუნება — ყველაფერი ბრძოლის ობიექტი იქნება. ეს არ იქნება ჩვეულებრივი პარტიული არჩევნები — ეს იქნება ერთი დიდი ფრონტის, ერთი წინააღმდეგობის ბრძოლა დღევანდელ რეჟიმთან, რომელსაც სახელი ეწოდება „არჩევნები”.
იქნება ეს დღეს, ხვალ, თუ 2028 წელს — მნიშვნელობა ნაკლებია. მნიშვნელობა ის არის, ვიმოქმედოთ ისე, რომ გავძლოთ, ვემზადებოდეთ, და ვიცოდეთ — ეს დღე დადგება.”