ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარებას სთხოვს
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წერილით მიმართა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის და სთხოვა, ხელი შეუწყოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას.
„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა სულ უფრო იზღუდება, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა DMD-ით დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს ხალხის მხარდაჭერის მიმართ”, — ნათქვამია წერილში.
ზურაბიშვილი 7 მაისს ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც მიმართავდა. მისი განცხადებით, ამ ყველა მისამართზე DMD-ით დაავადებული ბავშვებისთვის მხარდაჭერა სთხოვა.
სოციალური ფონი: DMD-ით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე 20-ზე მეტი ღამე მოათენეს საკანცელარიის წინ — ისინი სახელმწიფოს სთხოვენ, ქვეყანაში შეიტანოს დაავადების პროგრესირების შემაჩერებელი მედიკამენტები. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა 20 დღეა ვერ ხდება.