← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. კონფერენსლიგა] ზირა 3:0 ტორპედო. ასეთი ფეხბურთით ფრენა არ იქნება! | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. კონფერენსლიგა] ზირა 3:0 ტორპედო. ასეთი ფეხბურთით ფრენა არ იქნება! | Lelo.Ge

კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

ზირა 3:0 ტორპედო

08.07. სუმგაითი. “მეჰდი ჰუსეინზადე”. 1 490 მაყურებელი

გოლები: 1:0 რუან რენატო (32. ალიევის პასით), 2:0 ვოლკოვი (47), 3:0 რუან რენატო (64-პენ)

ზირა (4-3-3): ბაირამოვი - სეიდიევი, მუცინზი, რუან რენატო, ალიევი - ვიეირინია (72. ვიეირინია), კონატე, პაპუნაშვილი (59. ჰუსეინოვი) - აიდინი (88. ჰასილ), მარტინში (72. ჯიბრილია), ვოლკოვი (72. ბოგომოლსკი)

მწვრთნელი: რაშად სადიგოვი

ტორპედო (4-3-3): გოშაძე - ჩერიფი, მანე (38. სკორუპი), შიმიჩი, კუპრავა (67. სტამატოვი) - ბუკია, მამუჩაშვილი, პირესი - არაბიძე (67. დეისაძე), პინსონი, ანდრიჩი

მწვრთნელი: დირკ შუსტერი

გაფრთხილება: კუპრავა (22), ბუკია (50), პაპუნაშვილი (57), გოშაძე (62), ალიევი (66), ჩერიფი (90+1)

არბიტრი: ი. ჰიიტია (ფინეთი)

ჩვენ სულ ასე ვართ - ვცდილობთ, ქართული კლუბების თუ ნაკრებების წაგებები შევამსუბუქოთ, მაგრამ ძნელია იმასთან მშვიდად შეგუება, რაც ახლა ვიხილეთ…

ქუთაისის “ტორპედო” კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სუმგაითში “ზირას” ესტუმრა და ძალზე მტკივნეული მარცხი იწვნია - 0:3.

საერთოდ, ეს მატჩი უცხო თვალს რომ ენახა, ვერ მიხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა ეროვნულ და ახალგაზრდულ (ზედიზედ ორჯერ) ნაკრებებს იმ ქვეყნიდან, რომლის გუნდიც საშუალო დონის აზერბაიჯანულ კლუბთან პირწმინდად დამარცხებულიყო? “ზირას” რას ვერჩით - ნორმალური გუნდია, მაგრამ ჩვენ? ჩვენ სად ვართ?

დირკ შუსტერის გუნდმა მატჩი მისთვის დამახასიათებელი უფერული დაცვითი ფეხბურთით დაიწყო და მიზნის მიღწევას კონტრშეტევებზე ცდილობდა.

უპირატესობა კი პირველივე წუთებიდან აზერბაიჯანელებმა მოიპოვეს, რომელთა რიგებშიც გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი გამოირჩეოდნენ.

ქუთაისელებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-15 წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ შექმნეს, როდესაც “სტანდარტი” გიორგი არაბიძემ შეასრულა და მასპინძელთა მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

არაბიძემ ორ წუთშიც იგივე სცადა, მაგრამ მიზანს კვლავ ვერ მიაღწია. ეს და კიდევ, მაქსიმუმ, ორიოდე ეპიზოდი იყო. მეტი საერთოდ არაფერი.

მე-19 წუთზე, “სტანდარტის” შესრულების შემდეგ, “ტორპედო” რუან რენატოს დარტყმის შემდეგ გადარჩა. ამ დროისთვის გუნდებმა ერთმანეთი დაზვერეს და “ზირას” ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ მეტოქე შეტევებს თავს ვერ აბამდა, ვერ მოძრაობდა…

აქედან გამომდინარე, მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვა. ორჯერ პაპუნაშვილმა შეუტია და ბურთი კარში წავიდა, მაგრამ ოთო გოშაძემ ორივეჯერ პოზიცია სწორად შეარჩია და საიმედოდ ითამაშა.

…მაგრამ 32-ე წუთზე ქუთაისელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და იმავე რენატომ თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი.

პირველი ტაიმის ბოლოსთვის, როცა “ზირამ” დაინახა, რომ მეტოქეს სჯობდა, უფრო თავდაჯერებული გახდა, საიმედოდ დადგა დაცვაში და “ტორპედოს” ლიდერები გაანეიტრალა.

მეორე მხრივ, “ზირას” ფეხბურთელები სწრაფადაც მოძრაობდნენ, ზონებს ითვისებდნენ და თამამად უტევდნენ. გოშაძემ კიდევ ორჯერ გადაარჩინა “ტორპედო”.

“ზირამ” მეორე ტაიმიც დამაჯერებლად დაიწყო და 47-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა - დავით ვოლკოვმა მცველის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 2:0 გახადა.

63-ე წუთზე აზერბაიჯანელების მორიგი შეტევა კი პენალტით დასრულდა - გოშაძემ მასთან პირისპირ გასულ მეტოქეზე წესი დაარღვია და რენატომ 11-მეტრიანის ნიშნულიდან დუბლი შეასრულა.

სამწუხაროდ, ქუთაისური გუნდი ბურთს იოლად კარგავდა და შეტევების განვითარებას კი არა, წამოწყებასაც ვერ ახერხებდა, მეტოქის ნახევარზეც ვერ გადადიოდა.

ძალიან მტკივნეული სანახავი იყო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. არადა, “ზირას” დაცვაში საკმაოდ დიდი სივრცეები იყო, რომლის ათვისებასაც დირკ შუსტერის გაწვრთნილები ვერ ახერხებდნენ.

…მსოფლიო ჩემპიონატი მიდის, თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციები ჩანს. მაგრამ ამის მოედანზე გადატანა “ტორპედოს” და ქართული გუნდების მოთამაშეთა უმრავლესობას უჭირთ.

თავად “ტორპედო” 90-იანი წლების ინტერნეტივით ნელია და ცხადია, ასე ვერაფერს მოიგებს. ბოლო წუთზე სხვაობის შემცირება დიეგო დეისაძის შეტევის შემდეგ შეიძლებოდა და ისიც - მეტოქის ავტოგოლის ხარჯზე, მაგრამ ქართული გუნდი ამ ავტოგოლსა არ იმსახურებდა.

წყვილის გამარჯვებული 16 ივლისს გაირკვევა, როცა ქუთაისელები “ზირას” “რამაზ შენგელია არენაზე” უმასპინძელებენ. ძალიან გვეშინია იმის აღიარების, რომ ამ წყვილში შემდეგი ეტაპის მონაწილე უკვე გარკვეულია. ასეთი ფეხბურთით “ტორპედო” ვერ გაფრინდება! ეს კატასტროფაა!

← მთავარი