"რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება... დე-ფაქტო დაიხურება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება“ და ავიაკომპანიებს მოუწოდა, აღნიშნული გარემოება გაითვალისწინონ.
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის სრულ ციტატას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს გვინდა გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, თითოეული მზღვეველი, ყველანი, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის ძირითადი აეროპორტებით - რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ უქმნის სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს, არცერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები ისე გამოჩნდებიან, რომ ეს გათვალისწინებული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, რუსეთის ცა დე-ფაქტო დაიხურება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთში მომუშავე ელჩებსა და იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც განსაკუთრებით მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებში დაფრინავენ, ყურადღება მიაქციონ შექმნილ ვითარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სტრუქტურებს „რუსეთის ცაში არსებული საფრთხეების შესახებ სრულ ინფორმაციას“ მიაწვდის.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ამჟამად „მოსკოვში ახალი შეხვედრები მზადდება“, რის გამოც უკრაინა მზადაა, ამ პერიოდში პაუზა აიღოს - ისევე, როგორც ეს მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის ვიზიტის დროს გააკეთა.