ზელენსკი უკრაინაში თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს უმაღლეს რადაში კანონპროექტს შეიტანს, რომელიც თაღლითური ქოლცენტრების ორგანიზატორებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
“ხვალ დილით უმაღლეს რადაში შევიტან კანონპროექტებს თაღლითური ქოლცენტრების ორგანიზატორებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ.” – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის თქმით, საკითხის მოგვარებისთვის მხოლოდ სამართალდამცავების მიერ აღსრულებული ღონისძიებები საკმარისი არ არის და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც არის საჭირო.
“ეს საკითხი უნდა დავხუროთ. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაბამისი ზომები არსებობს. საჭიროა საკანონმდებლო ზომებიც. ყველა ქოლცენტრის ორგანიზატორმა პასუხი უნდა აგოს.” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აგვისტოს დასაწყისში უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ და გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 94 თაღლითური ქოლცენტრი გამოავლინეს და გააუქმეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ქსელები უკრაინის, ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებს ატყუებდნენ და მათთვის მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ჰრივნას გადააჭარბა.
ივლისში სამართალდამცავებმა კიევში, ლვოვსა და დნეპროპეტროვსკის ოლქში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების ქსელიც გააუქმეს. ამ შემთხვევაში დაზარალებულებისთვის მიყენებული ზარალი 210 მილიონ ჰრივნაზე მეტი იყო.