ვარშავა-კიევის ბზარი: პოლონეთი ზელენსკის „თეთრი არწივის ორდენის” ჩამორთმევას განიხილავს
პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში ახალი კრიზისი გაჩნდა: პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ითხოვს, განხილვაში შეიტანონ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის ორდენის” — პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს — ჩამორთმევის საკითხი.
8 ივნისს ორდენის კაპიტულმა პოზიცია წარუდგინა ნავროცკის, რომელიც სხდომას თავად ესწრებოდა. კაპიტულის ზოგიერთი წევრი უკვე უჭერს მხარს ჯილდოს ჩამორთმევას. გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტს ეკუთვნის.
დავის მიზეზი
კონფლიქტი 2026 წლის 26 მაისს, ზელენსკის ბრძანებულებით დაიწყო: უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს — „ჩრდილოეთს” — „УПА-ს გმირების სახელობის” საპატიო სახელი მიანიჭა (УПА — უკრაინის მეამბოხე არმია). ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის” მიზნით მიიღეს.
პოლონეთი УПА-ს საომარ ისტორიასთან ამ კავშირს მტკივნეულად აღიქვამს — ეს ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონელი მოქალაქეების მასობრივ ხოცვაში მონაწილეობდა. ვარშავაში ორი კვირაა ფართო საზოგადოებრივი განაწყენება გრძელდება.
ისტორია
„თეთრი არწივის ორდენი” პოლონეთის უძველეს და უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლება. ზელენსკი 2023 წლის აპრილში მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაჯილდოვა — „პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, დემოკრატიისა და ევროპის უსაფრთხოების სასარგებლოდ თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.”