← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკი კიევზე იერიშის შემდეგ Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას ითხოვს

2 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ზელენსკი კიევზე იერიშის შემდეგ Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის კიევისთვის ლიცენზიის გაცემას სთხოვს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უნდა გახდეს NATO-ს მომავალი სამიტისა და სხვა საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი.

“ევროპას უნდა ჰქონდეს საკმარისი დამოუკიდებელი შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი ყველა სახის საფრთხისგან, მათ შორის ამ საფრთხისგანაც - რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან” - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ ადმინისტრაციასთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც უკრაინას PURL-ის პროგრამის ფარგლებში ეხმარებიან, რომელიც საჰაერო თავდაცვისთვის, მათ შორის Patriot-ის სისტემებისთვის, რაკეტების შესყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

“თუმცა, ადამიანების სიცოცხლის ჭეშმარიტად საიმედოდ დასაცავად, აუცილებელია საკუთარი წარმოება. ევროპული წარმოება - აქ, უკრაინაში, ან პარტნიორებთან ერთად. პრეზიდენტ ტრამპის დადებითი პასუხის დიდი იმედი გვაქვს, რათა ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ” - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხი განიხილა.

G7-ის სამიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან განიხილონ უკრაინისთვის ისეთი ლიცენზიების გაცემის საკითხი, რომლებიც ანტისარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა – დაიღუპა 13 ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა

← მთავარი