დიალოგის გაგრძელებაზე შევთანხმდით – ზელენსკი ნავროცკის შეხვდა
8 ივლისს ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შორის შეხვედრა გაიმართა.
“შევხვდი პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი შეხვედრა იყო. ჩვენ ერთ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ.
ჩვენ საერთო საფრთხის წინაშე ვდგავართ - რუსეთის. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურთიერთგაგების, მხარდაჭერისა და ერთიანი მოქმედების შენარჩუნებას. ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ ძლიერი ურთიერთობები სჭირდებათ. შევთანხმდით, რომ დიალოგს გავაგრძელებთ” - დაწერა შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა, რადგან ზელენსკიმ ერთ-ერთ ქვედანაყოფს უკრაინის მეამბოხე არმიის სახელი მიანიჭა. ნავროცკიმ დაამატა, რომ პოლონეთი არ დაუშვებდა ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც “ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე” უარის თქმის აუცილებლობა არ ესმის.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ, უკრაინის ელჩმა პოლონეთში და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, თქვეს, რომ პოლონეთისგან მიღებულ ჯილდოებს უკან აბრუნებდნენ. 20 ივნისს ზელენსკიმ თქვა, რომ ნავროცკის ორდენი ფოსტით გაუგზავნა. 20 ივნისს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა: ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ უარი თქვეს საკუთარ თეთრი არწივის ორდენებზე.
27 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელშიც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები ცენტრს “УПА-ს გმირების” პატივსაცემი სახელი დაარქვა. ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება “ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის მიზნით” მიიღო.
უკრაინის მეამბოხეთა არმია (УПА) პარტიზანული ფორმირება იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოსთვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. თუმცა, დაჯგუფება ასევე პასუხისმგებელია “ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზეც,” რასაც ათეულობით ათასი პოლონელი ემსხვერპლა, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა. პოლონური მხარის შეფასებით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინა ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.