უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები პირველად შეხვდნენ კონფლიქტის შემდეგ
უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კაროლ ნავროცკიმ, ორმხრივი შეხვედრა გამართეს ანკარაში, ნატოს სამიტზე. ეს ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს, თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევა გადაწყვიტა და თქვა, რომ ესაა რეაქცია უკრაინის ერთ-ერთი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფისთვის „უპა-ს („უკრაინის მეამბოხე არმიის“ - რედ.) გმირების“ სახელის მინიჭების შესახებ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ზელენსკიმ საუბარს „მნიშვნელოვანი და აუცილებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნავროცკის ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა. „ჩვენ ერთი საერთო საფრთხე გვაქვს: რუსეთი. და უმნიშვნელოვანესია ურთიერთგაგების, მხარდაჭერის შენარჩუნება და ერთად მოქმედება“, ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და თქვა, რომ ორივე ლიდერი შეთანხმდა, გააგრძელონ დიალოგი.
ნავროცკიმ ასევე კომენტარი გააკეთა შეხვედრაზე და თქვა, რომ მან საკამათო ისტორიული საკითხების მოგვარება ვერ შეძლო, მაგრამ ეს მისი მიზანი არ ყოფილა. პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი რწმენა, რომ უკრაინაში უპა-ს განდიდებამ შესაძლოა ქვეყანას მომავალში ხელი შეუშალოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ამასთან, როგორც ნავროცკიმ განაცხადა, მან ზელენსკის დაუდასტურა, რომ რუსეთს საერთო საფრთხედ მიიჩნევს და მასთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობები ბოლო დროს შესამჩნევად გაუარესდა. ზელენსკის გადაწყვეტილება დაგმეს არა მხოლოდ ნავროცკიმ, არამედ ნავროცკის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ლიბერალურ მთავრობაში, რომლებიც აცხადებენ, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მიუღებელია.
ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ შესულა ძალაში, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა თავად თქვა უარი ჯილდოზე და პოლონეთის პრეზიდენტს ფოსტით გაუგზავნა ის. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა და სხვა ცნობილმა პოლიტიკოსებმაც უარი თქვეს პოლონურ ჯილდოებზე, ხოლო ზოგიერთმა პოლონელმა მოღვაწემ უარი თქვა უკრაინულ ჯილდოებზე.
პოლონეთში უპა-ს, შეიარაღებულ ორგანიზაციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინში პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებენ.
უკრაინა ხაზს უსვამს უპა-ს ბრძოლას ნაცისტებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და გამოხატავს მზადყოფნას, ისტორიულ დიალოგში ჩაერთოს. ამასთან, აცხადებს, რომ გარეშე პირებმა არ უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ განმარტოს უკრაინამ თავისი ისტორია.
ოთხშაბათს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ, რომელშიც დაგმო ზელენსკის გადაწყვეტილება, უპა-ს სახელი დაერქვას ერთ-ერთ ქვედანაყოფს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „ძირს უთხრის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“ და „შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან“. პოლონელი დეპუტატების ჯგუფმა დაჟინებით მოითხოვა ეს და შეირჩა უფრო ზომიერი ფორმულირებები, ვიდრე სხვა პოლონელი დეპუტატების - მემარჯვენე ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ იყო შემოთავაზებული.