← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკი: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დავარტყით

18 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ზელენსკი: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დავარტყით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვზე დრონებით მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა და რუსულ თავდასხმებზე კიევის პასუხს “სრულად გამართლებული უწოდა.

“გუშინ ღამით ჩვენი შორი რადიუსის სანქციები კიდევ ერთხელ მისწვდა მოსკოვის რეგიონს – ამ კვირაში მეორედ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დავარტყით. სამიზნეებზე იერიში იყო როსტოვის რეგიონსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ეს არის სრულად გამართლებული პასუხი ჩვენს ქალაქებსა და სამეზობლოებზე რუსულ თავდასხმებზე, და მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი მებრძოლების მხრიდან იმ ობიექტების წინააღმდეგ ძალისხმევაში, რაც რუსულ ომის მანქანას ასაზრდოებს.” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ცნობისთვის, 18 ივნისის დილის საათებში უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განმეორებითი იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც კვირაში მეორედ დაარტყეს კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.

ტელეგრამ-არხ Exilenova-ს ინფორმაციით, წინასწარი გეოლოკაციის შედეგად დგინდება, რომ ნავთობქარხანაზე უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად ხანძრის ხუთი კერა გაჩნდა. 

ამასთან, Exilenova-ს მიხედვით, კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან უკრაინული დრონების წინააღმდეგ გამოყენებული რადიოელექტრონული ზომების ან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემით დარტყმის შედეგად, მოსკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

← მთავარი