← მთავარი
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა

7 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge · on.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა, სადაც 7-8 ივლისს დაგეგმილ NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Kyiv Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავად უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ხვდებიან მას და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკის ანკარაში.

ჩასვლის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ NATO-ს სამიტისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება.

“ანკარაში მნიშვნელოვანი სამუშაო გველის წინ. ჩვენ ველით NATO-ს ძლიერ და პროდუქტიულ სამიტს. ახლა ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის უკეთეს დაცვას, ჩვენი თავდაცვის მეტ შესაძლებლობას და კიდევ უფრო ძლიერ უსაფრთხოების თანამშრომლობას უკრაინას, ევროპასა და ამერიკას შორის”, — წერს ზელენსკი და ამბობს, რომ უკრაინა პარტნიორებთან დრონებთან და თავდაცვის სფეროს სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ახალი შეთანხმებების გაფორმებასაც ელოდება.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ახალი სისტემები, მათი რაკეტები და წარმოების ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა. ჩვენ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც უკრაინას კონკრეტული ქმედებებით ეხმარება”, — დასძინა მან.

Kyiv Post-ის ინფორმაციით, NATO-ს სამიტის გახსნის პარალელურად ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

“უკრაინა ცვლის დინამიკას ბრძოლის ველზე, მათი შეიარაღებული ძალების სიმამაცის, თავდადებისა და გამომგონებლობის წყალობით.

მათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და სარაკეტო თავდასხმებს, გუშინ ღამით კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა განხორციელდა,” — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ანკარაში NATO-ს სამიტი გაიხსნა, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. სამიტს NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

← მთავარი