← მთავარი
პოლიტიკა

ზარქუა: ზელენსკი იძულებული გახდა, ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ კობახიძესთან მისულიყო

15 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ზარქუა: ზელენსკი იძულებული გახდა, ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ კობახიძესთან მისულიყო

„ქართული ოცნების” პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ზელენსკი „იძულებული გახდა, ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო” — ეს, მისი შეფასებით, „ყველა უთავმოყვარეო ლიდერის ბედია”.

„როგორც მაშინ ვამბობდით, ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხსა და მშვიდობას. საპასუხოდ კი მივიღეთ ჩვენი ელჩის გამოძევება. მეტიც, ბატონმა ზელენსკიმ ჩვენი პრემიერმინისტრი და მთავრობის გარკვეული წევრები დაასანქცირა. ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს,” — განაცხადა ზარქუამ.

ზარქუა ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინაში „განსხვავებული აზრი არ ისმის, არც ერთი ოპოზიციური მედია არ ოპერირებს, არც ერთი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია იქ არ არსებობს.” ამის მიუხედავად, მისი თქმით, დასავლეთი ზელენსკის „დემოკრატიის შუქურად” წარმოაჩენს — ისევე, როგორც ადრე მიხეილ სააკაშვილი.

„ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს. არ ვიცი, ის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური პრეზიდენტია — ვადა ამოეწურა, ეუბნებიან, არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ არ ატარებს. მსოფლიო პრაქტიკაში ომის პირობებშიც კი არჩევნები ტარდება,” — დასძინა მან.

ზარქუას თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესი სამ პრინციპზე დგას: ომში ჩაუდგომლობა, „მეორე ფრონტის” გაუხსნელობა და საკუთარ ეკონომიკასა და მოსახლეობაზე სანქციების დაუწესებლობა.

← მთავარი