"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ “არანაირი უკან დახევა არ იქნება”, ქართული ოცნება “გამჭვირვალობის კანონის” გადახედვას არ აპირებს. მისივე თქმით, სწორედ “გამჭვირვალობის კანონმა” და “ფარამ” შექმნა შესაძლებლობა, რომ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა”. “ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლაც ვამბობთ, რომ მზად ვართ, ვისაც აქვს ინტერესი და სურვილი, ავუხსნათ ამ კანონის მნიშვნელობა, რატომ იქნა მიღებული. ამას გულისხმობს ბატონი სამხარაძე. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ევროპულ თუ არაევროპულ კეთილმოსურნეს ავუხსნათ, “გამჭვირვალობის კანონი” რისთვის იქნა მიღებული. თუ ექნებათ საპირისპირო არგუმენტები, ჩვენ მოვისმენთ და ვიმსჯელებთ.არანაირი უკან დახევა არ იქნება, იმიტომ რომ “გამჭვირვალობის კანონმა” და “ფარამ” შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილიც კი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ “გამჭვირვალობის კანონი” მიიღონ. საქართველოს კი “აშავებდნენ”, აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ ამ კანონის გამო. ახლა თურმე ყველასთვის აუცილებელი ყოფილა ეს კანონი.”გამჭვირვალობის კანონი” მნიშვნელოვანია. ის მოქმედებს და მომავალშიც ასე იქნება. ვინმეს თუ კითხვა აქვს, მზად ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ, არგუმენტირებულად ავუხსნათ, თუ რატომ იქნა ეს კანონი მიღებული.უკან დახევა რა შუაშია?! ამ კანონს არ გავიწვევთ, იმიტომ რომ ეს კანონი სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, — განაცხადა ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ლუქსემბურგში მყოფმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ შედგა შეხვედრები ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის წევრებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ქართულმა მხარემ სთხოვა ლუქსემბურგს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში “ლუქსემბურგის მხარეს სთხოვეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს და მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, “მათ შორის “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით, რომელიც იყო კიდევაც ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების”. ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის “გამჭვირვალობის კანონზე” სასაუბროდ