"ყველაზე მკაცრი სასჯელი მიიღო მიხეილ ზამთარაძემ" — ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდათ
პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი, დამნაშავედ ცნო დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალური შეთქმულების მოწყობაში. ასევე, ბრალდებულთაგან რამდენიმე მათგანი კულტურული ობიექტის ქურდობისთვის გაასამართლეს. Le Monde წერს, რომ ორი მათგანი დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან ისინი უკვე საქართველოში არიან დაკავებულები. ასევე, ორი ბრალდებული, მიხეილ ზამთარაძე და ბექა ცირეკიძე მსგავსი დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნებში არიან გასამართლებული და საფრანგეთს დროებით გადასცეს. 50 წლის მიხეილ ზამთარაძეს ყველაზე მკაცრი სასჯელი, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დეპორტაციის შემდეგ საფრანგეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. მიხეილ ზამთარაძეს გასულ წელს ლიეტუვაში სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა უკვე მიუსაჯეს. 49 წლის ბექა ცირეკიძეს, რომელსაც ესტონეთში სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, დამატებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული „ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული იყო“. პარიზის სასამართლოში ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობის საქმეზე საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი 9 ივნისს დაიწყო. საქმე 2023 წელს საფრანგეთის ბიბლიოთეკებში მომხდარ დანაშაულებს ეხება. ასევე, წიგნების ქურდობებს ადგილი ჰქონდა გერმანიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებშიც, რის შემდეგაც „ევროპოლისა“ და „ევროჯასტის“ ფარგლებში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და 2024 წელს რამდენიმე პირი დააკავეს. 2024 წლის აპრილში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურამაც გამოაცხადა. მაშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. 2025 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე დამნაშავედ ხუთი პირი ცნო. მთავარ ფოტოზე: მიხეილ ზამთარაძე