გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ ოფიციალურ კავშირს წყვეტს. მიზეზად საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება სახელდება.
ადგილობრივი გამოცემა Saarbrücker Zeitung-ის ინფორმაციით, შესაბამისი რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოქმედი მერის უვე კონრადტის (CDU) ოფისში მომზადდა, ამ კვირის სამშაბათს ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოს განსახილველად წარდგება. დოკუმენტი რეკომენდაციას უწევს საქართველოს დედაქალაქთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის შეჩერებას შემდგომ შეტყობინებამდე.
ორ ქალაქს შორის პარტნიორობა 50 წელზე მეტს ითვლის. ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1975 წლის 22 მარტს მოეწერა — ზაარბრიუკენის მომავალი მერის ოსკარ ლაფონტენისა და ქართველი კოლეგის ბახვა ლობჟანიძის მიერ. ეს იყო ისტორიული პირველი ოფიციალური „დაძმობილება” დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქალაქს შორის.
მიუხედავად ოფიციალური კავშირების გაწყვეტისა, მერი უვე კონრადტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება რიგით მოქალაქეებს — ქალაქი „სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას” გააგრძელებს.