სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში: მეგობრობა თუ გავლენის ბერკეტი?
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს — გავლენის გასაძლიერებლად, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.
ჩრდილოეთ კორეა პეკინისთვის სტრატეგიული „ბუფერული ზონაა” — მისი არსებობა ამერიკული სამხედრო ძალების ჩინეთის საზღვრებთან მოახლოებას აფერხებს. თუმცა ამავდროულად, ფხენიანის ბირთვული პროგრამა და სარაკეტო გამოცდები რეგიონში დაძაბულობას ზრდის, რაც ჩინეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება.
ვითარება კიდევ უფრო გართულდა: 2024 წელს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება გააფორმა, რაც პეკინში მზარდ შეშფოთებას იწვევს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს საარტილერიო ჭურვები და, სავარაუდოდ, ჯარიც კი მიაწოდა. დასავლელი ანალიტიკოსები ამ ურთიერთობას ჩინეთისთვის „არასასიამოვნო სიგნალად” მოიხსენიებენ.
პეკინი რთულ მდგომარეობაშია: ერთი მხრივ, ვერ ახდენს ძლიერ ზეწოლას ფხენიანზე — ამ ნაბიჯმა შეიძლება კიმ ჩენ ინი კიდევ უფრო მეტად დაახლოოს პუტინთან. მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციების სირბილეზე „გათვლა” აბეჩთი საქმეა, რადგან ეს ა შ შ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას სამხედრო ინტეგრაციისკენ უბიძგებს.
სწორედ ამიტომ ჩინეთმა ბოლო პერიოდში ურთიერთობების დათბობა დაიწყო. სი ძინპინმა კიმ ჩენ ინი პეკინში ოფიციალურ ღონისძიებებზე მიიწვია, ხოლო საჯაროდ ჯერ კიდევ არ გაუკრიტიკებია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა — ეს ფრთხილი ბალანსირების პოლიტიკაა. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ურთიერთობებში ურწმუნოება კვლავ ღრმაა: კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფხენიანმა ბირთვული და სარაკეტო პროგრამები უპრეცედენტო ტემპით განავითარა, ჩინეთი კი ამ განვითარების პროცესს ვერ გააჩერა.
სი ძინპინის ვიზიტი პეკინის მცდელობაა — ფხენიანი მოსკოვის „ორბიტიდან” ოდნავ მაინც გამოათრიოს და კორეის ნახევარკუნძელზე ისტორიული გავლენა შეინარჩუნოს.