წყალი თვალსა და ხელს შუა ქრება: 9 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მალე შეიძლება უდაბნოდ იქცეს
სამთავრობო თუ კერძო თანამგზავრების მიერ გადაღებულმა კადრებმა თვალნათლივ აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს დედამიწის ლანდშაფტი, როდესაც წყალი უკან დახევას იწყებს. ზოგ შემთხვევაში ეს ცვლილებები თანდათანობით ხდებოდა, ზოგან კი - ათწლეულების განმავლობაში ნაცნობი წყალსატევები თითქმის მთლიანად გაქრა. მშრალი სტატისტიკური ციფრებისგან განსხვავებით, თანამგზავრულ ფოტოებს წყლის რესურსების კარგვის პროცესის ყველაზე მკაფიოდ ჩვენება შეუძლია. როგორც გამოცემა Interesting Engineering იუწყება, მთელ მსოფლიოში მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და ჭაობები სახეს იცვლიან. ამის მიზეზი გვალვები, ტემპერატურის მატება, წყლის არასწორი განაწილება, ასევე მოსახლეობის, სოფლის მეურნეობისა და ქალაქების მხრიდან წყალზე მოთხოვნის ზრდაა. სამხრეთ ამერიკის მდინარეთა სისტემებიდან დაწყებული, ბოლივიის მაღალმთიანი ტბებითა და ამერიკის დასავლეთში მდებარე წყალსაცავებით დამთავრებული - ეს ადგილები ამტკიცებს, თუ რა სისწრაფით იცვლება ბუნება, როცა წყალი ქრება.
- მდინარე პარანა, არგენტინა
მდინარე პარანა, რომლის სიგრძეც დაახლოებით 4 900 კილომეტრია, ამაზონის შემდეგ სამხრეთ ამერიკაში მეორეა. ამავდროულად, ის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო გზას წარმოადგენს, რომელიც ბრაზილიას, პარაგვაისა და არგენტინას აკავშირებს.
1990 და 2026 წლების თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს ცვლილებების მასშტაბებს პორტ როსარიოს მახლობლად. მრავალწლიანი გვალვის შემდეგ წყლის დონე მკვეთრად დაეცა, რამაც მდინარის ფსკერის ვრცელი ნაწილები გააშიშვლა და უშუალოდ კალაპოტის შუაგულში ახალი კუნძულები წარმოქმნა.
- პოოპოს ტბა, ბოლივია
ოდესღაც პოოპო ბოლივიის სიდიდით მეორე წყალსატევი იყო. იგი ზღვის დონიდან დაახლოებით 3 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, თითქმის 1 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა და ადგილობრივი მკვიდრი თემის - ურუს მოსახლეობისთვის თევზჭერისა და არსებობის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.
1984 და 2020 წლების კადრები აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერ დაიხია წყალმა უკან. ის, რაც ადრე დიდ, მაღალმთიან ტბას წარმოადგენდა, დღეს თითქმის მთლიანად დამშრალია. წყლის ხელოვნურად მიმართვის, გვალვისა და დათბობის ერთობლიობამ ტბის დიდი ნაწილი მლაშობობად (ბუნებრივ მარილიან უდაბნოდ) აქცია. წყალსატევის გაქრობამ მძიმე დარტყმა მიაყენა ადგილობრივ მეთევზეობასა და იმ თემების ცხოვრების წესს, რომლებიც მთლიანად მის რესურსებზე იყვნენ დამოკიდებულნი.
- ნგამის ტბა, ბოტსვანა
ნგამის ტბა ბოტსვანაში, ოკავანგოს დელტის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე მდებარეობს. მისი ზომა ყოველთვის დიდწილად იყო დამოკიდებული ოკავანგოს უფრო ფართო სისტემიდან შემოსული წყლის მოცულობაზე. ამის გამო, ტბა პერიოდულად იცვლიდა მდგომარეობას- დაჭაობებული ზონიდან თითქმის სრულ დაშრობამდე.
1984 და 2020 წლების თანამგზავრული სურათები ადასტურებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა ტბა ამგვარი ცვლილებების მიმართ. მკაცრმა გვალვებმა და მდინარის სისტემის ზემო წელიდან წყლის არარეგულარულმა დინებამ ის სრული გაქრობის პირას მიიყვანა.
- აკულეოს ლაგუნა, ჩილე
აკულეოს ლაგუნა (Laguna de Aculeo), რომელიც სანტიაგოს მახლობლად, პაინეს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ოდესღაც დასვენების პოპულარული ადგილი და რეგიონის უმნიშვნელოვანესი წყლის ობიექტი იყო.
2007 და 2026 წლების თანამგზავრული ფოტოები დრამატულ ცვლილებებზე მოწმობს. ლაგუნა, რომელიც ადრე ტურისტებს იზიდავდა და გარშემო მყოფ თემებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, დღეს, ფაქტობრივად, გამომშრალია. მის გაქრობას ხანგრძლივ გვალვასა და წყლის რესურსების დეფიციტს უკავშირებენ. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩილეში ტბების გაქრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
- ურმიის ტბა, ირანი
ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ურმიის ტბა ოდესღაც ახლო აღმოსავლეთის უდიდესი მლაშე ტბა იყო. 1990-იან წლებში მისი ფართობი თითქმის 6 ათას კვადრატულ კილომეტრს აღწევდა.
დღეისათვის წყალსატევი დაახლოებით 581 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, რაც მისი ძველი ზომის 10%-ზე ნაკლებია. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა გახდა: ხანგრძლივი გვალვები, წყლის ინტენსიური მოხმარება სოფლის მეურნეობისთვის, მდინარეების კალაპოტების შეცვლა და მიწისქვეშა წყლების აქტიური მოპოვება.
- ალ-ჩიბაიშის ჭაობები, ერაყი
ერაყის სამხრეთით მდებარე ალ-ჩიბაიშის ჭაობები მესოპოტამიის უფრო ფართო ჭარბტენიანი ტერიტორიის ნაწილია, რომელიც იკვებება მდინარეების — ტიგროსისა და ევფრატის წყლებით და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ეს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჭაობიანი ეკოსისტემაა. თუმცა, 1984 და 2020 წლების თანამგზავრული ფოტოები მოწმობს იმ მასშტაბურ და ნეგატიურ ცვლილებებზე, რაც ამ ტერიტორიამ დროთა განმავლობაში განიცადა.
- ამბოვომბე, მადაგასკარი
ამბოვომბე მადაგასკარის სამხრეთით მდებარეობს - რეგიონში, რომელიც ძლიერი გვალვებისა და კლიმატური წნეხისგან ისედაც მუდმივად იტანჯება.
1985 და 2020 წლების კადრები ღრმა ეკოლოგიურ კრიზისზე მიუთითებს. მრავალწლიანმა გვალვებმა, ტემპერატურის მატებამ, წითელმა ქვიშის ქარიშხლებმა და ნალექების სიმცირემ წყაროები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის შედეგები უკიდურესად მძიმე აღმოჩნდა: საოჯახო მეურნეობა და მეცხოველეობა სრულად დაკნინდა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა სიღარიბე და ადამიანების იძულებითი გადასახლება (მიგრაცია) გამოიწვია.
- ფაგიბინეს ტბა, მალი
ფაგიბინეს ტბა მალის ჩრდილოეთით, საჰარის სამხრეთ კიდესთან მდებარეობს. წარსულში იგი მდინარე ნიგერის ადიდებების ხარჯზე ივსებოდა.
1984-2020 წლების თანამგზავრული სურათები წყალსატევის მასშტაბურ შემცირებას ასახავს. წყალდიდობების სიმცირემ, გვალვებმა და დანალექი ქანების დაგროვებამ ტბის ქვაბულის უდიდესი ნაწილის დაშრობა გამოიწვია. ტბის გაქრობამ დააჩქარა გაუდაბნოების პროცესებიც. გარშემო მცხოვრები თემებისთვის ეს ნიშნავდა წყალზე, საძოვრებსა და შემოსავლის ტრადიციულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის სრულ დაკარგვას.
- მიდის ტბა, აშშ
მიდის ტბა, რომელიც ნევადისა და არიზონას შტატების საზღვარზე მდებარეობს, ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი წყალსაცავია მოცულობის მიხედვით.
იგი 1930-იან წლებში, მდინარე კოლორადოზე ჰუვერის კაშხლის აშენების შემდეგ შეიქმნა. დღეს ის წყლით ამარაგებს მილიონობით ადამიანს აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში და მექსიკის გარკვეულ რაიონებში. 1984 და 2020 წლების ფოტოები მკაფიოდ აჩვენებს, თუ რამდენად მკვეთრად და კრიტიკულად შემცირდა წყლის მარაგები ამ გიგანტურ წყალსაცავში.
გაფრთხილება, რომელსაც თავად ბუნება გვაძლევს
ეს კადრები მხოლოდ ტბებისა და მდინარეების გაქრობის მორიგი დადასტურება როდია. ისინი ნათლად აჩვენებენ, თუ როგორ შეუძლია წყლის დაკარგვას შედარებით მოკლე დროში ძირფესვიანად შეცვალოს ეკოსისტემები, ეკონომიკა და მთელი საზოგადოების ცხოვრება.
ამ ადგილების ნაწილმა, შესაძლოა, კიდევ მოახერხოს აღდგენა, თუ ბუნებრივი პირობები გაუმჯობესდება და წყლის რესურსების მართვა უფრო პასუხისმგებლობიანად მოხდება. თუმცა, ზოგიერთი მათგანი იმდენად ღრმად შეიცვალა, რომ მათი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, თითქმის შეუძლებელია.