Washington Post: ამერიკის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტას უახლოვდება
Washington Post-ის სარედაქციო სტატია, რომელიც 27 მაისს გამოქვეყნდა, Rubio-ს სომხეთში ვიზიტითა და ამ ორი ქვეყნის სამინერალო ხელშეკრულებით იწყება — ვიზიტი, რომელიც „კიდევ ერთი დასტურია, რამდენად სერიოზულად უყურებს თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას.”
„თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებას ერთი ბრმა წერტილი აქვს. შეერთებული შტატების ოდესღაც მტკიცე მოკავშირე — საქართველო — სულ უფრო მეტად ანტიამერიკულ მიმართულებას იღებს. „ქართული ოცნების” მთავრობა წლების განმავლობაში ღიად ეფლირტავებოდა რუსეთს დასავლური კავშირების ხარჯზე. ნაკლებად ცნობილია ისიც, რომ იმავდროულად ირანთან კავშირებსაც ამყარებდა,” — ნათქვამია სტატიაში.
გაზეთი ახსენებს ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალებს საქართველოში და ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველ შიიტ მოსახლეობაზე გავლენის მოსაპოვებლად მუშაობს. „ამ ფლირტის შედეგები უკვე აშკარაა,” — წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე ნახსენებია საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საბერძნეთსა და შეერთებულ შტატებში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
„საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის მოპოვებას ცდილობს,” — ასეც წერს WP, ერთ-ერთ ნიშნად ქართველი ვიცე-მინისტრის გამოსვლა ირანის საელჩოს 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„რატომ უნდა შეუწყოს ხელი ტრამპის ადმინისტრაციამ სულ უფრო ავტორიტარულ ქართულ მთავრობას, სანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დადასტურდება?” — ეკითხება WP და პასუხსაც სთავაზობს: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო უფლებების აღდგენა, რეპრესიების შეჩერება და პროირანული ქსელების დაშლა — ამის გარეშე ამერიკასთან მოკავშირეობის აღდგენა შეუძლებელია.
ქართული პასუხი
სტატიას თბილისიდან ორი მაღალი თანამდებობის პირი გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში ახლადრეაბილიტირებული სკოლის გახსნაზე განაცხადა: „ახალი პატარა ტალღაა წამოსული — ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმისა. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა.”
„ყოველი ანტიქართული სტატიის უკან დიდი ფული იმალება. ეს კიდევ ერთი ლობისტური პროდუქტია,” — დასძინა კობახიძემ.