← მთავარი
მსოფლიო

Politico: ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი 1-ელ ივლისს სომხეთს ეწვევიან

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
Politico: ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი 1-ელ ივლისს სომხეთს ეწვევიან

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მომავალ კვირას სომხეთს ეწვევიან. ინფორმაციას Politico საკითხის მცოდნე სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტის მიზანი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი პროდასავლური მთავრობის მხარდაჭერის დემონსტრირებაა მას შემდეგ, რაც ფაშინიანის პარტიამ ივნისის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. Politico აღნიშნავს, რომ ვიზიტი იმ დროს იმართება, როდესაც ფაშინიანი ცდილობს სომხეთის დასავლური კურსის განმტკიცებას, მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებასა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. “ჩვენ ვნახეთ ქვეყანა რუსეთის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის ქვეშ; ასეთი ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება იმ პრაქტიკული დახმარების გაგრძელებად, რომელიც უკვე გაწეულია”, — განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი გზავნილი იქნება: “ევროპა თქვენ გვერდითაა” Politico წერს, რომ ეს ფონ დერ ლაიენის მეორე ვიზიტი იქნება სომხეთში ორ თვეზე ნაკლებ პერიოდში. ევროკომისიის პრეზიდენტი მაისშიც იმყოფებოდა ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი და ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სომხეთმა მნიშვნელოვნად დააჩქარა დასავლეთისკენ სვლა. ქვეყანამ შეაჩერა მონაწილეობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) და ღიად გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. ბრიუსელმა, თავის მხრივ, ერევნის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერა. გასულ კვირას ევროკავშირმა დაადასტურა, რომ სომხეთს 34 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა შეამსუბუქოს რუსეთის მიერ დაწესებული ახალი სავაჭრო შეზღუდვების გავლენა და ხელი შეუწყოს ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის დივერსიფიკაციას. Politico-ს შეფასებით, ფონ დერ ლაიენისა და მარტა კოსის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი იქნება იმისა, რომ ევროკავშირი სომხეთის პროევროპულ კურსსა და დასავლეთთან დაახლოების მცდელობებს აქტიურად უჭერს მხარს.

← მთავარი