← მთავარი
საზოგადოება

"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი

6 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge

ვოლოგდის გუბერნატორი გზაზე საწვავის ამოწურვის გამო გაჩერდა — მანამდე მოსახლეობას ბენზინის მარაგის შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

რუსეთის ვოლოგდის ოლქის გუბერნატორმა, გეორგი ფილიმონოვმა, თქვა, რომ სამსახურებრივი ავტომობილი გზაზე საწვავის ამოწურვის გამო გაუჩერდა.

ფილიმონოვმა ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, შემთხვევა ვოლოგდის შემოვლით ჩქაროსნულ გზაზე მოხდა.

“ზუსტად 15 წუთის წინ საწვავის გარეშე გავჩერდი. ავზი ნულზე იყო. ეს ვოლოგდის ქალაქის ჩქაროსნულ შემოვლით გზაზე მოხდა. სამსახურებრივი მანქანიდან გადავჯექი ავტომობილში, რომელიც დათანხმდა ჩემს წაყვანას. ამით ვადასტურებ, რომ ყველანი ერთ ნავში ვართ და ერთად ვცდილობთ არსებული პრობლემის მოგვარებას,“ — დაწერა გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, ავტომობილი, რომელმაც ის წაიყვანა, საგზაო პოლიციის (ГАИ) ეკიპაჟი იყო.

ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ფილიმონოვმა მოსახლეობას საწვავის მომარაგებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, რეგიონში ფიზიკური პირებისთვის ბენზინის გაყიდვა ნაწილობრივ შეიზღუდა, რადგან საწვავის მიწოდების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო მოთხოვნა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

“გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას, არ შექმნათ საწვავის მარაგები და არ აჰყვეთ აჟიოტაჟს. აუცილებელია, რომ საწვავის შევსების შესაძლებლობა თქვენს მეზობლებსა და თანამოქალაქეებსაც ჰქონდეთ.” — ამბობდა ის.

რუსეთში საწვავის დეფიციტი მაისის ბოლოდან გაღრმავდა. კრიზისი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილ ინტენსიურ დარტყმებს უკავშირდება. თავდასხმების სამიზნე ქვეყნის თითქმის ყველა უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა.

ვოლოგდის ოლქში ივნისის ბოლოდან მოქმედებს საწვავის რეალიზაციის შეზღუდვები: ერთ მომხმარებელზე ბენზინის გაყიდვა 30 ლიტრით არის ლიმიტირებული და მისი ჩასხმა მხოლოდ ავტომობილის ავზშია შესაძლებელი — არა კანისტრებში.

← მთავარი