მეექვსე შვილი 44 წლის ასაკში, იდილია მილიარდერ ქმართან და აკრძალვა "გაჯეტებზე" - მსოფლიო პოდიუმების ლეგენდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აოცებს
მსოფლიო პოდიუმების ლეგენდა, მილიარდერ ანტუან არნოს მეუღლე და 5 შვილის დედა, ნატალია ვოდიანოვა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აოცებს. 2026 წლის ივნის-ივლისის Vogue France-ის გარეკანიდან მოდელი სრულიად განსხვავებულ, ყველაზე ბუნებრივ ამპლუაშია- 44 წლის ვოდიანოვა მეექვსე შვილს ელოდება! ეს ორსულობა წყვილისთვის აბსოლუტური სიურპრიზი და უდიდესი საჩუქარი აღმოჩნდა. ჟურნალის რედაქტორთან, კლერ თომსონ-ჯონვილთან, ნატალიამ ძალიან გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განსხვავდება 19 წლის ასაკში გაჩენილი პირველი შვილი 44 წლისას დაგეგმილი „სასწაულისგან“.
“სამი თაობის დედა ერთი ჭერქვეშ” ნატალიას უფროსი ვაჟი, ლუკასი, წელს უკვე 25 წლის ხდება, ნაბოლარა რომანი კი - 10 წლისაა. მოდელი ხუმრობს, რომ საკუთარ სახლში თითქმის სამი სხვადასხვა თაობის შვილს ზრდის: “19 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი გავაჩინე. ჩემს კულტურაში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და წამითაც არ მინანია. მაგრამ მაშინ ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. დღეს, 44 წლის ასაკში, ეს სრულიად სხვა რეალობაა – ეს არის აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი. პირველი სამი თვე ფიზიკურად ძალიან გამიჭირდა, თუმცა წლების გამოცდილებამ სულიერი სიმშვიდე მომცა. ახლა ჩემს თავსაც და პატარასაც სამყაროს ვანდობ.“ როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, აღნიშნავს, რომ ევროპაში შობადობის მკვეთრი კლება ქალების ეგოიზმის ბრალი არ არის. მიზეზი მხარდაჭერის დეფიციტი, ეკონომიკური წნეხი და კარიერული სტრესია. ამასთან, ვოდიანოვა ღიად საუბრობს იმ სოციალურ უსამართლობაზე, რასაც წარმატებული ქალები ყოველდღიურად აწყდებიან: „ქალებს მუდმივად გვდევს დანაშაულის გრძნობა, რომელიც კაცებმა საერთოდ არ იციან! საზოგადოება მომუშავე დედებს მიკროსკოპით აკვირდება და აკრიტიკებს, მამებს კი – თითქმის არასდროს უსვამენ კითხვას: “როგორ ათავსებთ კარიერასა და შვილებს?“ აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ტრენდული ჯანმრთელობის წესები ნატალიასთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი – მას ყველაფერი რუსმა ბებიამ ასწავლა: “15 წლის ვიყავი, როცა ბებიამ სასტიკად ამიკრძალა წარბების გაპუტვა - “ერთ დღეს ეს ძალიან გამოგადგებაო”. 30 წლის შემდეგ, ყოველ დილით სარკის წინ მადლობას ვუხდი მას ამისთვის!“ კარგი მონელებისთვის ნატალია თითოეულ ლუკმას ზუსტად 40-ჯერ ღეჭავს და სუფრასთან ყოველთვის ყველაზე დიდხანს რჩება.
“ომი გაჯეტებთან” და Roblox-ის აკრძალვა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მილიარდერების ოჯახში იზრდებიან, ნატალია მათ ტექნოლოგიებთან მკაცრ საზღვრებს უწესებს. თუ უფროსი შვილები ბუნებაში იზრდებოდნენ, უმცროსებთან ნამდვილი ომია ეკრანების გამო. მიაჩნია, რომ „Roblox ეშმაკისეულია!“ – მოდელმა უმცროს ბიჭებს ეს თამაში საერთოდ აუკრძალა. ასევე უფროსი შვილების მხარდაჭერით, ოჯახში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმცროსებს სმარტფონებს 16 წლამდე არ უყიდიან და ეს თემა განხილვას არ ექვემდებარება. „ამ გარეკანით მინდა ყველა ქალს ვუთხრა: დედობა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის არჩევანი უნდა იყოს. ქალმა შვილი მაშინ უნდა გააჩინოს, როცა თავად არის მზად და არა საზოგადოების წნეხის გამო. თუ ჩემი ისტორია ვინმეს სტიმულს მისცემს, ჩემს ორსულობის ფოტოსესიას ნამდვილი აზრი ჰქონია.“