ვენსი: რუსეთის შეტევები ბრძოლის ველზე თითქმის აღარანაირ შედეგს არ იძლევა
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, რუსეთი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, სადაც მისი შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის აღარანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის პირობებს, რომლებმაც ომის დასრულებას შეიძლება შეუწყოს ხელი.
ვენსის თქმით, როდესაც მან რუსეთ-უკრაინის ომი შეისწავლა, მისთვის აშკარა გახდა, რომ დრონებისა და სადაზვერვო ტექნოლოგიების ფართო გავრცელების პირობებში უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის ძალების თანდათანობით გამოფიტვა, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძვირადღირებული შეტევითი ოპერაციების განხორციელება.
ვენსმა გაიხსენა, რომ 2023 წლის ზაფხულში მთავარი განხილვის თემა იყო, უნდა დაეწყო თუ არა უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა. მისი თქმით, პრაქტიკულად მთელი დასავლეთი, მათ შორის მაშინდელი აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინას ძლიერი კონტრშეტევის დაწყებისკენ უბიძგებდა, თუმცა ეს საბოლოოდ “სტრატეგიულ და ტაქტიკურ კატასტროფად” იქცა.
მისი განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინამ მაქსიმალური ყურადღება თავდაცვაზე უნდა გაამახვილოს და ამავდროულად მოლაპარაკებები გააგრძელოს.
ვენსის შეფასებით, ამ მიდგომამ გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღო, რადგან თავდაცვა შეტევაზე უფრო მარტივია, რაც უკრაინას საკუთარი ტაქტიკური უპირატესობის უფრო ეფექტიანად გამოყენების საშუალებას აძლევს. მისი თქმით, რუსეთი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, სადაც ხანგრძლივი შეტევითი ოპერაციებით მიღწეული შედეგები უმნიშვნელოა და თითქმის ნულს უტოლდება, რაც, შესაძლოა, საჭირო სივრცეს ქმნის კონფლიქტის დასრულებისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თითოეული დაკავებული კვადრატული კილომეტრისთვის ძალიან მაღალ ფასს იხდის. ვენსის თქმით, ეს იმით არის განპირობებული, რომ აშშ-მ და ნატომ უკრაინას თავდაცვაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდეს - სტრატეგია, რომელმაც, მისი შეფასებით, ეფექტიანობა დაამტკიცა.