რუსეთის შეტევები ფრონტზე პრაქტიკულად ნულოვან შედეგს იძლევა, უკრაინის წარმატებები კი საჭირო პირობებს ქმნის ომის დასასრულებლად - ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ამჟამად რუსეთი ისეთ სიტუაციაშია, როდესაც მისი შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. ამის შესახებ ვენსმა გამოცემა The Sunday Times-თან ინტერვიუში ისაუბრა,
ვენსის თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის ბევრად უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.
ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა 2023 წლის ზაფხული, როდესაც დასავლეთი, მათ შორის აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინას მასშტაბური კონტრშეტევისკენ მოუწოდებდა. ვენსის შეფასებით, ეს ნაბიჯი „სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფა“ აღმოჩნდა.
ტრამპის გუნდი მიიჩნევს, რომ უკრაინამ მაქსიმალური ფოკუსი თავდაცვაზე უნდა გადაიტანოს, მოლაპარაკებების პარალელურად.
ვენსის განცხადებით, თავდაცვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თავდასხმა, რაც უკრაინელებს ტაქტიკური უპირატესობის უკეთ გამოყენების საშუალებას აძლევს. რუსეთის მიერ მიღწეული შედეგები კი ნულს უახლოვდება, რაც ქმნის სივრცეს კონფლიქტის დასასრულებლად.
რუსები თითოეულ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრში კოლოსალურ ფასს იხდიან, რაც სწორედ აშშ-ისა და ნატოს მიერ უკრაინის თავდაცვაზე აქცენტირების დამსახურებაა.
4 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინა ომში „საკმაოდ კარგად ართმევს თავს“.