ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 811 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, 24-25 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაშავებულია 16 740 პირი, ხოლო ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ არის დარჩენილი. შექმნილი კრიზისის ფონზე, ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ, რათა ქვეყანამ აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება შეძლოს.
დელსი როდრიგესის განცხადებით, ვენესუელას მსოფლიოს სხვადასხვა ბანკში აქვს საკმარისი რესურსი, რომლითაც დამოუკიდებლად შეძლებს ნგრევის შედეგების აღმოფხვრას, თუმცა ამისთვის უცხოური ანგარიშების დებლოკირებაა საჭირო.
Reuters წერს, რომ აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა ვენესუელას მკაცრი სანქციები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ნარკოტრეფიკის ხელშეწყობის ბრალდებით დაუწესეს. მიმდინარე წლის დასაწყისში, ამერიკის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ვაშინგტონმა ნავთობის სექტორს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა. მიწისძვრის შემდეგ კი, აშშ-მა 4 თვის ვადით დაუშვა ის ფინანსური ტრანზაქციები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უკავშირდება.
დელსი როდრიგესმა ოფიციალური წერილით მიმართა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს, რათა ინგლისის ბანკმა (Bank of England) ვენესუელის კუთვნილი 31 ტონა ოქრო გაათავისუფლოს, რომელიც დიდი ხანია ბრიტანული სასამართლოების დავის საგანია. პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთანაც.