სასწაული ნანგრევებში: ვენესუელაში 6 დღის შემდეგ 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს (ფოტო/ვიდეო)
ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ეს ფაქტი ნამდვილ სასწაულად ფასდება, რადგან გადარჩენის შანსი სტიქიიდან პირველი სამი დღის შემდეგ მინიმუმამდე დადის.
იორდანიელმა მაშველებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ გულშემატკივრობენ და ზეიმობენ პატარა კლიბერ მორანის გადარჩენას ლა-გუაირას შტატში. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, ბავშვის გადარჩენას “იმედის მომენტი“ უწოდა.
ამჟამად პატარა კლიბერი დედაქალაქ კარაკასის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას პირველადი დახმარება უკვე გაეწია და მისი სასიცოცხლო ჩვენებები სტაბილურია.
ბოლო მონაცემებით, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 943-მდე გაიზარდა. დაშავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ათიათასობით მოქალაქე კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
NASA-ს სატელიტური მონაცემების პირველადი შეფასებით, სტიქიამ 58 870 შენობა დააზიანა ან სრულად გაანადგურა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ლა-გუაირას შტატში, სადაც მოსახლეობა საკუთარი ძალებით, შიშველი ხელებით ცდილობს ახლობლების ნანგრევებიდან გამოყვანას.
შიმშილი და “ბრძოლა გადარჩენისთვის“
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ რეგიონში საკვების მასობრივი დეფიციტია, კომუნიკაციები გაწყვეტილია, ხოლო საბაზისო სერვისები სრულად მოშლილია.
“ხალხი საკვებისთვის ერთმანეთს ლამის ხოცავს… ეს მამლების ჩხუბს ჰგავს“, - ყვება 18 წლის დანიელა არმასი, რომელიც ლა-გუაირაში სტიქიის დროს დაშავდა. დახმარების მიღების პროცესში საზოგადოებაში დაძაბულობა პიკს აღწევს.
ამავდროულად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ეპიდემიების საფრთხეზე აფრთხილებს ხელისუფლებას. დაბალი ვაქცინაციის გამო, არსებობს წითელასა და დიფტერიის გავრცელების სერიოზული რისკი.
აშშ-ის, მექსიკის და სხვა ქვეყნების სამაშველო ჯგუფები სპეციალური ტექნიკითა და გაწვრთნილი ძაღლებით აგრძელებენ მუშაობას. გაერომ ქვეყანაში უკვე შეიტანა 47 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის მედიკამენტები და გადაუდებელი დახმარების ნაკრებები. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობას გულგრილობასა და არაეფექტურ რეაგირებაში ადანაშაულებს. გაეროს შეფასებით, მხოლოდ პირველ ეტაპზე დაზარალებულთა დასახმარებლად მინიმუმ 15 მილიონი დოლარია საჭირო.
წყარო
იხილეთ ასევე:
“მაშველებს ადგილზე შოკისმომგვრელი სურათი დახვდათ” - აღმოჩნდა, რომ ვენესუელაში შენობები “ქაფით” იყო აშენებული: ახალი დეტალები სტიქიის ზონიდან