უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
“სან ანტონიო სპურსის” ლიდერმა და NBA-ის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ვიქტორ ვემბანიამამ საკუთარი მომავალი “ტეხასელებს” დაუკავშირა.
22 წლის ცენტრმა ხელი მოაწერა ხუთწლიან, 252-მილიონიან კონტრაქტს, თუმცა უარი თქვა ე.წ. “სუპერმაქსის” პირობაზე, რომლის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 303 მილიონ დოლარამდე გაიზრდებოდა. შედეგად, ვემბანიამამ დაახლოებით 50-51 მილიონ დოლარზე თქვა უარი, რათა “სპურსს” სახელფასო ჭერის ფარგლებში მეტი მოქნილობა ჰქონდეს და მომავალში კონკურენტუნარიანი შემადგენლობის შენარჩუნება შეძლოს.
ახალი ხელშეკრულება ძალაში 2027/28 წლების სეზონიდან შევა. ის მოიცავს მოთამაშის ოფციას მეხუთე სეზონისთვის და ვემბანიამას ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად აქცევს.
გასულ სეზონში ვემბანიამა “სან ანტონიოს” NBA-ის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც გუნდი “ნიუ-იორკ ნიქსთან” სერიაში 1:4 დამარცხდა.
ფრანგი ცენტრი სეზონის საუკეთესო დამცველად (Defensive Player of the Year) დასახელდა და All-NBA-ის პირველ სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.