უნივერსალურმა შემტევმა ველისოლ ოლივეირამ “სამგურალი” დატოვა. 28 წლის ბრაზილიელი ფორვარდი კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონში, ველისოლმა წყალტუბოური კლუბის მაისურით 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობდა…
ფეხბურთელსა და კლუბს შორის თავიდანვე არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უცხოური კლუბიდან მიწვევის შემთხვევაში, “სამგურალი” მას ხელს არ შეუშლიდა. წყალტუბოელებმა პირობა შეასრულეს. აქვე, ველისოლის კომენტარიც:
“ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ დროს მიწევს კლუბის დატოვება, მაგრამ ყოველთვის გულში შევინახავ იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც აქ მივიღე. მადლობა კლუბის თითოეულ წევრს, ქალაქ წყალტუბოს და ჩვენს ქომაგებს - მხარდაჭერის, პატივისცემისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი. “სამგურალს” გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიქნები”.
შეგახსენებთ, რომ მანამდე “სამგურალი” დატოვეს ლაშა კვარაცხელიამ, ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
ამავე დროს, გუნდში საკმაოდ ხარისხიანი შევსებაცაა - თბილისის “დინამოდან” გადმოვიდა ფორვარდი ირაკლი სირაძე, “იბერია 1999-დან” ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი და პოლონეთიდან დაბრუნებული, ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფლანგის შემტევი თორნიკე გაფრინდაშვილი.