"2008 წელს ჩამოგდებულ რუს პილოტებს პირადად ვმკურნალობდი" - როგორ გაიპარა ჩერნობილში, რას იხსენებს ომებში მონაწილეობაზე და რას ამბობს ქუდების კოლექციაზე ვატო სურგულაძე?
პოლიტიკოსისა და პროფესიით ექიმის, ვატო სურგულაძის ბიოგრაფია ძალიან მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. გარდა იმისა, რომ არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მაღალ თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი, ის ჩვენში, ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველა ომის მონაწილეა. იყო ასევე კატასტროფების ზონებში - ჩერნობილისა და სპიტაკში. ხასიათი ასეთი აქვს - რთულ ვითარებაში ყოველთვის წინა პოზიციებს იკავებს… ახლა მისი ცხოვრების სხვადასხვა არც ისე მარტივ პერიოდსა თუ ეტაპზე ჩვენი თხოვნით მოგვითხრობს…
გაპარვა კატასტროფის ზონაში
- გაიხსენეთ საბჭოთა ეპოქის ბოლო პერიოდის უმძიმესი კატასტროფა, როდესაც 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი აფეთქდა. ამან უმძიმესი შედეგები გამოიწვია. როგორ აღმოჩნდით იქ?
- ეს იყო უზარმაზარი საშინელება, ჩავთვალოთ, რომ ატომური ბომბი აფეთქდა, ჰიროსიმისა და ნაგასაკის მსგავსად… ყოველთვის აქტიური ვიყავი, ნამდვილი გურული ვარ. თან, მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. როდესაც ეს ამბავი მოხდა,ტელევიზიით გამოაცხადეს - თუ არ ვცდები, 2 ან 3 მაისი იყო - მე და ჩემმა ორმა მეგობარმა ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავით. გვეამაყებოდა ჩვენი პატრიოტული შემართება. ვიყიდეთ კიევის ბილეთები (მაშინ ძვირი არ ღირდა) და ჩავედით. კიევში დიდ პანიკას ვერ შეატყობდით. ვიფიქრეთ, აბა, სად ჩამოვედით-თქო და პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროს მივაშურეთ. ვუთხარით, რომ “სამედიცინოს“ სტუდენტები ვიყავით. მოკლედ, აბსოლუტურად, არაორგანიზებულად, საკუთარი ინიციატივით წავედით. ცოტა გაკვირვებით კი შემოგვხედეს, - თქვენღა გვაკლდითო, მაგრამ, ძალიან ნორმალურად მიგვიღეს. აგვიხსნეს, რომ არსებობდა ე.წ. 30-კილომეტრიანი “გარიყვის ზონა“ (ზონა “ოტჩუჟდენია”), სადაც ძირითადად, გამოცდილ სპეციალისტებს უშვებდნენ. სხვათა შორის, საქართველოდანაც იყვნენ წასულები: მაღაროელები, მშენებლები, ექიმი რადიოლოგიც… ჩვენც მიგვიყვანეს ამ 30-კილომეტრიან “გარიყვის ზონასთან“. სხვათა შორის, განაწილების სისტემამ არც ისე ცუდად იმუშავა. შეიძლება პირველ დღეებში დაბნეულობა იყო, მაგრამ იქიდან გამოსული ადამიანების სამედიცინო დახარისხება (ტრიაჟი) კარგად ხდებოდა. პაციენტებს კიევის რადიოლოგიის ცენტრში გზავნიდნენ (იქაც ვიყავით მისულები), ხოლო თუ მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, როგორც მახსოვს, მოსკოვის მეექვსე საავადმყოფოში. ამის გამოცდილება მსოფლიოში არავის ჰქონდა. ჰიროსიმისა და ნაგასაკის შემდეგ ასეთი მასშტაბის რადიოლოგიური კატასტროფა არ მომხდარა. რა თქმა უნდა, სპეციალური აღჭურვილობა ჩაგვაცვეს, მაგრამ ახლა, პოსტფაქტუმ რომ ვუფიქრდები, რას გვიცავდა ის სამოსი… ერთ-ერთ პუნქტზე ვიყავით და ადამიანების დახმარებას ვცდილობდით.
- 18 წლის სტუდენტმა სახლში რომ თქვით, კატასტროფის ზონაში მივდივარო, ოჯახის რეაქცია როგორი იყო? დედამ იცოდა?
- დედაჩემმა არ იცოდა. ჩემი უახლოესი მეგობარი და მეზობელი, პაპუნა, მაშინ კიევში მსახურობდა ჯარში. სახლში ვთქვი, პაპუნა უნდა ვნახო-მეთქი. სხვათა შორის, იქ ჩასულმა ის ვერც ვნახე. დედაჩემი დღემდე მსაყვედურობს, - ჩვენს ოჯახში თმის ცვენა არავის აწუხებდა, შენ კი მელოტი ხარ და ეგ ჩერნობილში გაპარვის ბრალიაო… მოკლედ, რამდენიმე ადამიანს მაინც დავეხმარეთ, ვესაუბრეთ… ბოლოს მადლობის სიგელები გადმოგცეს და უკან გამოგვიშვეს. იქ მიღებული გამოცდილება - თუ როგორ კეთდებოდა ტრიაჟი - როგორ ნაწილდებოდნენ მძიმე, საშუალო და მსუბუქი პაციენტები, მოგვიანებით, საქართველოს ომების დროს ძალიან გამომადგა. საბჭოთა კავშირის მედიცინამ, პირველი კვირის დაბნეულობის შემდეგ, საკმაოდ ნორმალურად იმუშავა.
- ძირითადად რა დაზიანებები ჰქონდათ პაციენტებს?
- ეს იყო მწვავე რადიაციული დაზიანება. სიმპტომებიდან აღენიშნებოდათ ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, შეუჩერებელი ღებინება და გამონაყარი. ესენი იყვნენ პრიპიატის მაცხოვრებლები და ატომური სადგურის თანამშრომლები. რადიაციული დაავადება ვერაგია - დროში გაწელილი პროცესია. რადიაცია მოქმედებს ძვლის ტვინზე, რაც შემდგომში ლეიკემიასა და სისხლის სხვა დაავადებებს იწვევს. ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მოგვიანებით კიევსა თუ მოსკოვში, დღემდე არ არსებობს. სხვათა შორის, არ დამავიწყდება, რომ კუბამ გამოთქვა სურვილი და უამრავი ბავშვი წაიყვანა სამკურნალოდ. კუბას ძალიან კარგი მედიცინა აქვს და ეს სრულიად უსასყიდლოდ გააკეთა. მოგვიანებით, როდესაც უკვე საექიმო პრაქტიკა დავიწყე (ჩემი სპეციალობა თერაპია და ენდოკრინოლოგიაა), დავაფიქსირე, რომ ჩერნობილიდან აქ მოღწეული .ჰაერის მასების შედეგად, საქართველოში საგრძნობლად იმატა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა და ონკოლოგიურმა შემთხვევებმა. იმ პერიოდში იქაური ექიმები იოდის სპეციალურ პრეპარატებს ითხოვდნენ, რაც დეფიციტში იყო. ერთი ექიმი ძალიან ჩხუბობდა, - მარტო ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებს რომ გვიგზავნით, სხვა სპეციფიკური მედიკამენტები გვჭირდებაო. როგორც ვთქვი, ამ კატასტროფის გამოცდილება მსოფლიოში არავის ჰქონდა - მსგავსი მასშტაბის ავარია არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, ამიტომ მკურნალობაც, ძირითადად, სიმპტომური იყო. უშუალოდ აფეთქების ეპიცენტრში მყოფებს კი სერიოზული თერმული და რადიაციული დამწვრობები ჰქონდათ.
სპიტაკის მიწისძვრა
- მოგვიანებით, მესამე კურსზე რომ ვიყავი, 1988 წელს სპიტაკში საშინელი მიწისძვრა მოხდა. იქ უკვე სტუდენტები სამედიცინო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულად წავედით. ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული, ერთი დაუზიანებელი შენობაც კი არ გვინახავს. იქ, ძირითადად, სანიტრების ფუნქციას ვასრულებდით: გადმოგვქონდა და გადაგვქონდა ცხედრები…
აფხაზეთის ომი და შემდგომი პერიოდი
- როგორც გითხარით, გურული ვარ და სადაც რამე ხდება, ყველგან იქ უნდა ვიყო. უკრაინის ომშიც ვიყავი ახლა, 1922 წელს, დასაწყისში, სამი კვირით. მაგრამ ჩემს ბიოგრაფიაში პირველი მაინც აფხაზეთის ომი იყო. მაშინ ინსტიტუტი უკვე დამთავრებული მქონდა და ექიმი გახლდით. დავყვებოდით საევაკუაციო მატარებლებს. ეს იყო ნამდვილი კატასტროფა. არ დამავიწყდება, სოხუმიდან დაჭრილები და მოსახლეობა გამოგვყავდა - საევაკუაციო მატარებელი იყო. სოფელ დრანდასთან ადგილობრივი აფხაზი ბავშვები იდგნენ და მატარებელს ქვებს ესროდნენ. ყველა შუშა ჩაგვიმსხვრიეს. ჩვენმა ბიჭებმა ავტომატებისკენ წაიღეს ხელი, მე ვყვიროდი: არ ესროლოთ, ბავშვები არიან-მეთქი! საშინელი მომენტი იყო… სიცივე რომ არ შემოსულიყო, ჩამსხვრეული ფანჯრების ნაცვლად ჯარისკაცების თბილი ქურთუკები (ბუშლატები) ჩამოვკიდეთ. მოგვიანებით ოჩამჩირის საავადმყოფოშიც ვიყავი. 2 ივლისის რუსების შემოტევის დროს ტამიშთან ვიბრძოდით. იქ ბიჭებმა - საოცარი გმირობა ჩაიდინეს. რუსეთის საზღვაო დესანტი იყო გადმოსხმული და კუდით ქვა ვასროლინეთ… ღალატი რომ არა, არც სოხუმს დავთმობდით, ბევრი სირთულე იყო და საშინელი პირობები: სამედიცინო მომარაგება არ გვქონდა, სახვევებს (ბინტებს) ვრეცხავდით და ისე ვიყენებდით ხელახლა. ვიმეორებ, რომ არა ბევრი შეცდომა, არ დავთმობდით და დღესაც სოხუმში ვიქნებოდით. აფხაზეთის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების მედალი მომცეს. იქვე ფეხში დავიჭერი და მას შემდეგ ხანდახან ჯოხითაც მიწევს სიარული. სამარცხვინოა, რომ დღეს სკოლებში აფხაზეთის ომზე ისტორიის წიგნებში მხოლოდ ერთი აბზაცი წერია. კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მიერ დაწერილ წიგნშიც კი მხოლოდ ერთი აბზაცია ამაზე… ეს დიდი ტრაგედია და უსამართლობაა. ამაზე ფილმები და წიგნები უნდა იწერებოდეს, სანამ ცოცხლები ვართ მოწმეები.
2004 და 2008 წლები
- 2004 წელს, როცა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ცხინვალში სიტუაცია არია და აცხადებდა, პირველ იანვარს ღვინოს ცხინვალში დავლევო, ზუსტად იმ დროს იქ ვიყავი ჩასული. მაშინ ურთიერთობები დალაგებული გვქონდა, მე თამარაშენისა და ქურთის ზონა მეკუთვნოდა. საზღვარზე ოსეთის ჯანდაცვის მინისტრი მხვდებოდა ხოლმე და გადავყავდი. პირველ იანვარს ქურთის ექიმებს ტელევიზორი ჩავუტანე საჩუქრად. უცებ სროლა ატყდა. მეგონა, ტყვედ ამიყვანდნენ, მაგრამ ოსებმა თავადვე ჩამსვეს მანქანაში და სამშვიდობოს გადმომიყვანეს. ურთიერთობის დალაგების კარგი შანსი გვქონდა, დათბობისკენ მიდიოდა სიტუაცია, კოკოითისთანაც კი ვმეგობრობდი, მაგრამ სულელურმა ამბიციებმა და “კოკოითი ფენდერასტის“ ძახილმა ყველაფერი ჩაშალა. ხოლო 2008 წლის ომის დროს, მე უკვე ჯანდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი და მთლიანად საევაკუაციო საკითხები მებარა - დაჭრილების გორიდან თბილისში გადმოყვანა და საავადმყოფოებში განაწილება. მაშინ ჯანდაცვის სისტემამ უმაღლეს დონეზე იმუშავა, სააკაშვილმაც კი აღნიშნა ეს. წინასწარ გვქონდა გათვლილი გეგმა: რუსები თბილისში რომ შემოსულიყვნენ, დაჭრილი მეომრები ბოლნისისა და დმანისის ჰოსპიტლებში უნდა გადაგვეყვანა. იქაც გამზადებული გვქონდა ყველაფერი… გორის ჰოსპიტლის მედპერსონალი კი ნამდვილი გმირები არიან - ბომბების აფეთქების ხმაზეც არ წყვეტდნენ ოპერაციებს. სამედიცინო სამსახურის ასეთი ღვაწლი ნამდვილად მეამაყება.
- სამედიცინო ინსტიტუტში სამხედრო კათედრა, როგორც ჩანს, გავლილი გქონდათ?
- ჩვენ დროს სამედიცინო ინსტიტუტში სამხედრო კათედრა სავალდებულო იყო და იქ ბევრი რამ ვისწავლეთ: რა არის ფრონტის ჰოსპიტალი, როგორ ხდება ევაკუაცია. ამასთან, სამედიცინო სამსახურის მაიორის ჩინი მაქვს. ოქრუაშვილის დროს კი სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტი გააუქმეს, რაც დიდი შეცდომა იყო.
- რომ შევაფასოთ ეს ნაწილი - ომის დროს ექიმობა რას მოითხოვს?
- რთულია. ხანდახან იარაღის აღებაც გვიწევდა თავდასაცავად. თუმცა, ჰუმანურობას არ ვკარგავდით - 2008 წელს ჩამოგდებულ რუს პილოტებს ღუდუშაურის კლინიკაში პირადად ვმკურნალობდი, ცალკე პალატაში გვყავდნენ და კარგად ვკვებავდით. იცით, რა მითხრეს? - ‘‘ჩვენს ქვეყანაში ასე არავინ მოგვექცეოდა, აღარ გვინდა რუსეთში დაბრუნება, აქ დაგვტოვეთო“. არავის უყვარს პილოტები და სნაიპერები, რადგან ისინი ჰაერიდან ბომბავენ, მაგრამ ჩვენ მაინც ადამიანურად ვუმკურნალეთ და გამოვაჯანმრთელეთ, მერე კი გაცვალეს.
შვილები და პირადი კოლექცია
- შვილებს ალბათ უყვებით თქვენს ამ ამბებს…
- სამი შვილი მყავს. უფროსი ანანო სურგულაძეა - ელექტრონული მარკეტინგის სპეციალისტია, ძალიან აქტიური ადამიანია, მე მგავს, ყველგან პირველი უნდა იყოს. შუათანა - ნუცა სურგულაძეა, ალბათ გაგიგიათ, ცნობილი კულინარია, ის თავის საქმეზეა გადართული.
უმცროსი ბიჭია დიზი სურგულაძე. ჯიპა (GIPA) დაამთავრა, მერე ბრიუსელში მაგისტრის ხარისხი აიღო საერთაშორისო ურთიერთობებში. თბილისში რომ ჩამოვიდა, თავად მითხრა: “მამა, ჯარში უნდა წავიდე, უნდა ვნახო, იქ რა ხდება“. მეამაყება ჩემი შვილი. პარლამენტში რომ სხედან, იმათი შვილებიდან ჯარში არავინ წასულა, ჩემმა ბიჭმა კი ევროპული განათლებით ექვსთვიანი ინტენსიური სამხედრო სამსახური გაიარა. ახლა 24 წლისაა. ჩემს ამბებს რომ ისმენდა, ალბათ ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
- თქვენი ქუდების კოლექციაზეც გვითხარით და თან თითქმის სულ ქუდით დადიხართ…
- ქუდების ისტორია სწორედ იმ თმის ცვენით დაიწყო, ჩერნობილის მერე. ჯერ ერთი კეპი ვიყიდე, მერე მეორე მაჩუქეს. უცხოეთში რომ დავდიოდი, ყველა ქალაქის წარწერიან კეპებს ვყიდულობდი. მერე ხალხმა რომ შეამჩნია, ჩუქება დამიწყო.
ნელ-ნელა ეთნიკური ქუდების კოლექციაც შეგროვდა: ესპანური, ბერძნული, ბავარიული, ბასკური, ქართული ყველა კუთხის ქუდი მაქვს. სპეციალური აღრიცხვა არ გამიკეთებია, მაგრამ სადღაც 100 კეპი და 180-მდე სხვადასხვა სტილის შლაპა მაქვს. სპეციალურად არ მიგროვებია, თავისთავად მოხდა. ასევე მაქვს გოლფის ბურთების დიდი კოლექცია, რადგან გოლფს ვთამაშობდი.
მოკლედ, ქუდი ძალიან შემიყვარდა. დილით რომ გამოვდივარ, ტანსაცმლის ფერის მიხედვით ვარჩევ, რომელ ქუდს დავიხურავ.
- თქვენზე ნათქვამი - სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო…
- კი, წასვლითაც ყველგან იქ მივდივარ, სადაც ჩემი ქვეყნისთვისა საჭირო.