ფინეთის საგარეო მინისტრი: „ქართველი ხალხი თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს იმსახურებს””
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ ქართველი ხალხი „თავისუფლებაზე და მათ მიერ არჩეულ ღირებულებებზე დაფუძნებულ მომავალს” იმსახურებს — ამ ღირებულებებს, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა არ წარმოადგენს.
ვალტონენმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე. მისი თქმით, 2008 წლიდან — თითქმის ორი ათეული წელია — ოკუპაცია გრძელდება და საერთაშორისო საზოგადოებამ ქართველი ხალხის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
„მოდით, ერთად ვიმუშაოთ ამისთვის, რათა საქართველოს მთავრობამ უფრო მეტი ძალისხმევით იზრუნოს საკუთარი ხალხის თავისუფლებაზე და ამავდროულად აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა და არ სურს თავის ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა,” — განაცხადა ვალტონენმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ფინეთი ქართველ ხალხს მხარს უჭერს და ასეთი მომავლის განხორციელება შესაძლებელია.