ოკუპირებულ ხურვალეთში ვალია ვანიშვილი დაკრძალეს — ნათესავებს გამყოფ ხაზს არ გადააბიჯებინეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვალია ვანიშვილი 18 მაისს გარდაიცვალა. 21 მაისს მისი ნათესავები გამოსათხოვრად ჩავიდნენ — მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ მავთულხლართებამდეც კი არ მიუშვა.
„ქართლის ამბების” ცნობით, დაკრძალვაზე ჩასულ ახლობლებს ხურვალეთში შესვლის ნება არ მიეცათ. ოპოზიციური პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე ადგილიდან წერდა:
„მოქალაქეს, რომელიც დაკრძალვაზე ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად შეაყოვნეს, სასწრაფოს დახმარება დასჭირდა… ამასობაში ქალბატონი ვალია გამოასვენეს… ჩვენ კი მავთულხლართებამდეც არ მიგვიშვეს, საგუშაგოსთან ვდგავართ და ველოდებით.”
ვალია ვანიშვილის მეუღლე, დათა ვანიშვილი, 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი წლების განმავლობაში გამყოფ ხაზს მიღმა, მარტონი ცხოვრობდა.