ოკუპირებულ ხურვალეთში გარდაიცვალა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი
18 მაისს, ორშაბათს, ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა ვალია ვანიშვილი. ეს რადიო თავისუფლებას 19 მაისს გორის მერის წარმომადგენელმა, როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ვანიშვილი ღრმად მოხუცებული იყო და სიცოცხლე საკუთარ სახლში დაასრულა.

ვანიშვილების ოჯახი ქართული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები გაავლეს — სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი კონტროლირებულ მხარეს. მიუხედავად ყველა შეთავაზებისა, მათ „სამხრეთ ოსეთის” მოქალაქეობა არ მიიღეს და სახლი არ დატოვეს.
დათა ვანიშვილი 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას საქართველოში ჩამოსული მრავალი უცხოელი პოლიტიკოსი ეწვეოდა — ადგილზე ხედავდნენ, რას ნიშნავს ბორდერიზაციით გახლეჩილი ოჯახები და მიტაცებული სოფლები. ვალია ბოლო წლები მავთულხლართებს მიღმა, გამყოფ ხაზთან, მარტო ცხოვრობდა.