← მთავარი
პოლიტიკა

უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვია და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

4 ივლისი, 2026 · წყარო: civil.ge
უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვია და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი 2-3 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

უზბეკეთი ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. მანამდე, მსგავსი შეთანხმება 30 ივნისს „ქართული ოცნების“ სამთავრობო დელეგაციის ასტანაში ვიზიტის დროს ყაზახეთთან გაფორმდა.

მირზიოევი, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს ჩამოფრინდა, სადაც მას „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. შემდეგ მას საზეიმო მიღებაზე, ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლეში, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. მოგვიანებით კი იგი ოფიციალურ ვახშამზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ყაველაშვილსა და მირზიოევს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეეხო, ნათქვამია ყაველაშვილის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით“, – წერს ყაველაშვილი. „ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის განვითარება, რომელიც ჩვენი რეგიონების ეკონომიკური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“.

ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა მირზიოევს უზბეკეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი გადასცა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

3 ივლისს უზბეკეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის „მზარდი დინამიკა“ განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას“.

← მთავარი