← მთავარი
მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესახებ ანგარიშის მომზადებას მოითხოვს

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესახებ ანგარიშის მომზადებას მოითხოვს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მიიღო კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას, ასევე საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების 5-წლიან სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს.კანონპროექტი, H.R. 7668, სახელწოდებით „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, 24 თებერვალს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა დემოკრატ კონგრესმენ სტივ კოენთან თანაავტორობით. რადგან კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ წინააღმდეგობის გარეშე მიიღო, ის ახლა სენატში გადაიგზავნება.თუ სენატი მას მიიღებს, კანონი მოითხოვს, რომ „ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა“ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინოს „საიდუმლო ანგარიში“, რომელიც შეისწავლის „რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში“ და „რუსული და ჩინური გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში“.აქტი ასევე მოითხოვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა წარადგინოს „ამერიკის შეერთებული შტატების 5-წლიანი სტრატეგია ორმხრივი ურთიერთობებისთვის საქართველოსთან“ მისი ამოქმედებიდან „არაუგვიანეს 180 დღისა“.სტრატეგიაში გამოკვეთილი უნდა იყოს „ორმხრივი კავშირების გაძლიერების კონკრეტული მიზნები, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ გარემოს“. ის უნდა განსაზღვრავდეს „იმ ინსტრუმენტებს, რესურსებსა და დაფინანსებას“, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ მიზნების მისაღწევად, ასევე შეიცავდეს „შეფასებას, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარ მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში“.სტრატეგიაში ასევე უნდა განისაზღვროს, „თუ რამდენად უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმა ინვესტირება საქართველოსთან პარტნიორობაში“ და „რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული აშშ-სთან და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების მიმართ და უნდა გააგრძელოს თუ არა შეერთებული შტატების მთავრობამ ინვესტირება საქართველოს პროექტებში“.This post is also available in:

English Tagsაშშ-ის წარმომადგენელთა პალატა აშშ-საქართველოს ურთიერთობა ჯო უილსონი

Copy URL URL Copied

← მთავარი