Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
„დაახლოებით თვენახევარია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ლამარიასთან სატრაპეზოს აშენებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას Chaikhana ავრცელებს.
ლამარიას და მთელ ზემო სვანეთის რეგიონს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიის ნაწილია.
„მაგ ზონაში ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების გარეშე. ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან მშენებლობის პროექტი და თანხმობა უნდა არსებობდეს“, — ამბობს ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს პრეზიდენტი Chaikhana-სთან საუბრისას.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსთან ერთად ლამარიას ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საერთაშორისო კონვენციის გარდა, ეროვნული კანონმდებლობაც იცავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის სახით, — წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, მშენებლობის ადგილას 2014 წლიდან მცირე ზომის შენობა იდგა (ისიც უნებართვოდ აშენებული) და ძირითადად, შეშის შესანახ სათავსოდ იყენებდნენ. მეუფემ ამ შენობის დემონტაჟი და ამავე ადგილას სატრაპეზოსა და საპირფარეშოების აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლამარია დედათა მონასტრად გადაკეთდა, ლამარიას მაჩუბები კი — კელიებად. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პროექტი კერძო კომპანიას შეადგენინეს და მშენებლობა გაზაფხულის მიწურულს, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად დაიწყეს.
Chaikhana-ს ადგილზე უთხრეს, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო ლამარიას ეკლესიის დაზიანებული სახურავის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა, არ რეაგირებს.
„ძეგლთა დაცვის სააგენტომ სატრაპეზოს მშენებლობის შესახებ ადგილობრივისგან გაიგო, 15-16 ივნისს მშენებლობის სანახავად ლამარიაზე ორი ადამიანი ავიდა, რომლებიც ადგილზე მყოფ მამა კვირიკეს სააგენტოს წარმომადგენლებად გაეცნენ. ამ ვიზიტის შემდეგ, მიტროპოლიტ ილარიონს კულტურის მინისტრი თინა რუხაძე პირადად დაუკავშირდა. მიტროპოლიტმა მას სატრაპეზოს მშენებლობაზე ინფორმაცია მიაწოდა და მშენებლობის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელს whatsapp-ით გაუგზავნა. მამა ეგნატე ამბობს, რომ პროექტი გარდა კულტურის სამინისტროსი, საპატრიარქოს და სააგენტოსაც გაგზავნილი და ნანახი აქვს. მეტიც, რჩევა მიიღეს, რომ თავდაპირველი პროექტის ვერსია დაეკორექტირებინათ“, — წერს ChaiKhana
ChaiKhana-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში უთხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ. მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არც კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს გაუვრცელებიათ ინფორმაცია.
ინფორმაცია განახლდება.