ნავთობზე დაწესებული სანქციების გაუქმება, აქტივების გათავისუფლება - რას მოიცავს აშშ-ირანის მემორანდუმი ირანული მხარის ვერსიით?
აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის საბოლოო პროექტი მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, თეირანის ბირთვული სამუშაოებიდან დაწყებული, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნითა და აშშ-ის მიერ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნით დამთავრებული, საბოლოო შეთანხმება კი ორივე მხარის მიერ შეთანხმების მიღწევიდან 60 დღის განმავლობაში განიხილება, - ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, მემორანდუმის პროექტის თანახმად, ირანი დაუყოვნებლივ ხსნის ჰორმუზის სრუტეს ყველა სავაჭრო გემისთვის, ხოლო აშშ ხსნის საზღვაო ბლოკადას ირანის პორტებზე. აშშ-ის ბლოკადის მოხსნა დაიწყება მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და დასრულდება 30 დღის განმავლობაში. ამასთან, მემორანდუმის თანახმად, აშშ თანხმდება, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ დააწესოს საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე. საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და გაეროს ყველა სანქცია მოიხსნება შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. აშშ გააუქმებს ირანის წინააღმდეგ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც თეირანს საშუალებას მისცემს გაყიდოს ნავთობი და მიიღოს შემოსავალი. აშშ თანხმდება გაათავისუფლოს ირანის გაყინული აქტივებიდან 25 მილიარდი დოლარი, მათ შორის პირდაპირი ფულადი გზავნილების, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ფინანსური საკრედიტო ხაზების მეშვეობით. ამასთან, ვაშინგტონი, თავის რეგიონულ მოკავშირეებთან კოორდინაციით, მოამზადებს ირანის რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმას, რომელზეც თეირანთან მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და შეთანხმდეს 60 დღის განმავლობაში.