"აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია" - რა ხდება ცნობილი 14 პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ჰორმუზის სრუტე სრულიად უნდა გაიხსნას
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ “ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია“. მისივე ინფორმაციით, ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ იშაკ დარი ესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას გაეროს შტაბ-ბინაში
“ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია. ორივე მხარემ განაცხადა თანხმობა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაში მათი ერთგულებისთვის. ასევე, გვსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ შუამავლობის მცდელობაში მონაწილე ჩვენი ძმების, კატარის დიდებული ხელმძღვანელობის მიმართ. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი საუდის არაბეთს და თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ კუთხით შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის. შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მედიატორები ამ კვირაში შეხვედრების სერიას გამართავენ. საკონსულტაციო განხილვები საფუძველს ჩაუყრის ტექნიკურ მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ ხელმოწერის ცერემონიას”, - აცხადებს პაკისტანის პრემიერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების ფარგლებში აშშ ირანის პორტებზე დაწესებულ საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ხოლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნება საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლისთვის.
რა ვიცით აშშ-ირანის შეთანხმების 14 პუნქტიან გეგმაზე ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის 30 დღის ვადაში მოხსნას ითვალისწინებს. ირანული მედია იწყება, რომ მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება და მოიცავს:
მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა 30 დღის ვადაში; აშშ-ის ძალების ირანიდან გაყვანას; ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას 30 დღის ვადაში.
ამასთან, შეთანხმების შესაბამისად, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ირანისთვის მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რეკონსტრუქციის გეგმები უნდა წარადგინონ, ირანის ნავთობ და ენერგო პროდუქტებზე დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, ირანმა უნდა დაადასტუროს ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, აშშ-მა კი უნდა აიღოს ვალდებულებს, რომ რეგიონში ძალების რაოდენობას არ გაზრდის და ახალ სანქციებს არ დააწესებს. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პუნქტები ოფიციალურად, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას არ დაუდასტურებია. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ჯერ კიდევ არსებობს განსხვავებული ხედვები შეთანხმების დეტალებზე. ირანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 60-დღიანი ბირთვული მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც გაყინული ირანული აქტივების ნაწილი გათავისუფლდება. აშშ-ის ოფიციალური პირები კი ამ ვერსიას უარყოფენ და ამბობენ, რომ ფინანსური ნაბიჯები ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. შეთანხმების პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მხარეებმა უნდა განიხილონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა, სანქციების მოხსნა და რეგიონული უსაფრთხოება. ამ ფონზე, რეგიონში დაძაბულობა სრულად ჯერ არ განელებულა. შეთანხმების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის ძალებმა ბეირუთში საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მასთან მუშაობა “ძალიან რთული“ იყო. წყარო