← მთავარი
პოლიტიკა

აშშ-ს საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისათვის მიძღვნილი ღონისძიება იმართება

1 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
აშშ-ს საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისათვის მიძღვნილი ღონისძიება იმართება

საელჩოში შეკრებილებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა და ყურადღება გაამახვილა ფოთის პორტის გაფართოების პროექტში ამერიკულ ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ პროექტებზე, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეებს, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ.

„ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა“, - თქვა მან.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ამ წვეულებაზეც აღნიშნა, რომ „შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

წვეულებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემაც. მან ამერიკელ ხალხს დამოკიდებლობის დღე მიულოცა და „ურთიერთობის გადატვირთვის“ აუცილებლობაზე ისაუბრა:

„საქართველო გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველვყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები“.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება, საქართველოში კი ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, 1 ივლისს იმართება. ღონისძიებას გასულ წელს არ ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ბოლო ორი წელია საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა.

2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.

საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე, სახელმწიფო დეპარატემენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.

← მთავარი