აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას ელოდება
27 მაისს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა „იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე ეკლესიის ისტორიულ მისიაზე — ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა.” დელეგაციამ გამოთქვა იმედი, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის განმტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს.
„შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან — მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან — შეხვედრა,” — ნათქვამია განცხადებაში.
დელეგაციამ ხაზი გაუსვა „იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს.” შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს — სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღვთივბოძებული უფლებებისადმი პატივისცემას. „შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას,” — ნათქვამია დოკუმენტში.
27 მაისს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საპატრიარქო რეზიდენციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები: ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი შეხვდნენ. მათ თან ახლდნენ სხვა დელეგაციის წევრები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.