აშშ-მა მიგრანტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაადეპორტა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც - რას წერს მედია?
აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ სახელმწიფოში, გაადეპორტა 20-ზე მეტი მიგრანტი (ზუსტი რაოდენობა უცნობია), საკამათო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც საშუალებას აძლევს ვაშინგტონს, დეპორტაცია გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია, - ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.
გამოცემის ცნობით, გასულ ხუთშაბათს ლუიზიანიდან აფრინდა რეისი, რომელშიც ოცამდე მიგრანტი იმყოფებოდა. მიგრანტებს შორის იყვნენ იორდანიის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოსა და ავღანეთის მოქალაქეები. ბორტზე ასევე იმყოფებოდა ირანელი აქტივისტი.
რეისი პარასკევს ბანგიში დაეშვა. დეპორტირებული პირების განთავსების ან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მათი ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის. Associated Press-ს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიგრანტების ნაწილი დროებით ბანგიში, მეხანძრე-მაშველების ბაზაზე მიიყვანეს. სხვები სხვა ადგილებში უნდა განთავსებულიყვნენ. წყაროს ცნობით, ჩასვლისთანავე, მამაკაცები და ქალები დააშორეს. “მათ ამ ადგილთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩემს ყველა დოკუმენტში უამრავი ინფორმაცია წარვადგინე იმის შესახებ, თუ რამდენად საშიში იყო ეს ყველაფერი. ეს პირები შეერთებული შტატებიდან გააძევეს და მიატოვეს ქვეყანაში, სადაც მათ არც სტატუსი, არც კავშირი და არც დამხმარე ქსელი აქვთ. ჩვენ გვეშინია, რომ საბოლოოდ ისინი იძულებულნი იქნებიან დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც თავდაპირველად გაიქცნენ“, - განუცხადა “როიტერსს“ ირანელი დეპორტირებული აქტივისტის ადვოკატმა, ემილი ტროსტლმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას, რათა მესამე ქვეყნის დეპორტირებული პირები, რომელთა დეპორტაციაც აშშ-ს არ შეეძლო, ამ ქვეყნებში გაეშვა. საიდუმლო შეთანხმებები დაიდო ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და განა, ასევე კიდევ სულ მცირე შვიდი სხვა აფრიკული ქვეყანა.
როგორც მედია წერს, აშშ-მა ათასობით ადამიანი დაადეპორტა ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც ამ ადამიანებს არაფერი აკავშირებთ. წყარო