← მთავარი
მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული შესწორება პრემიერმინისტრობის ვადას 8 წლამდე ზღუდავს

16 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული შესწორება პრემიერმინისტრობის ვადას 8 წლამდე ზღუდავს

15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური შესწორება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერმინისტრის პოსტზე დაბრუნებას აუკრძალავს.

შესწორება, რომელსაც მხარი 135-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 50 იყო, კანონად ქცევის შემთხვევაში, პრემიერმინისტრისთვის პოსტზე ყოფნის ხანგრძლივობას 8 წლამდე შეზღუდავს.

ამასთან, კანონი შეეხება ყოფილ პრემიერმინისტრებსაც, რაც ნიშნავს, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ ვიქტორ ორბანი, რომელიც თანამდებობას ჯამში 20 წლის განმავლობაში იკავებდა, ქვეყნის პრემიერი ვეღარ გახდება.

“კანონის უზენაესობის აღდგენა ერთი კანონით არ დაიბადება, მაგრამ ყოველ რეალურ, დემოკრატიულ აღდგენას სიმბოლური და კონსტიტუციური საყრდენი გააჩნია. ამ ინიციატივის მიზანია, რომ მსგავსი საყრდენი იყოს.” – განაცხადა შესწორების სპონსორმა, დეპუტატმა მარტონ მელეტეი-ბარნამ.

ახლა პარლამენტში მიღებული შესწორება ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს გადაეგზავნება, რომელიც ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდესის” მიერაა დანიშნული. თუკი, შუიოკი კანონპროექტს ვეტოს დაადებს და დოკუმენტს პარლამენტს დაუბრუნებს, დეპუტატებს შეეძლებათ, რომ ვეტო მეორე კენჭისყრით დაძლიონ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი შუიოკისა და ორბანის მიერ დანიშნული სხვა მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გადაყენებას ცდილობს, თუმცა, შუიოკმა უარით უპასუხა მადიარის მოთხოვნას პოსტის ნებაყოფლობით დატოვებასთან დაკავშირებით.

← მთავარი