გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა დაბრუნების რეზოლუცია
4 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, 107 ხმით მიიღო წლიური რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან — იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სტატუსის შესახებ. ინიციატივას 68 ქვეყანა სპონსორობდა — წელს ეს მაჩვენებელი ოთხით გაიზარდა.
8 ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ბელარუსმა, კუბამ, ნიკარაგუამ, ბურუნდიმ, სუდანმა, ეკვატორულმა გვინეამ და ჩრდილოეთ კორეამ, წინააღმდეგ ხმა მისცა. 55 სახელმწიფომ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ირანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ისრაელმა, საუდის არაბეთმა და შვეიცარიამ, ხმა შეიკავა.
საქართველო ამ რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 2008 წლის მაისიდან წარადგენს. ჰუმანიტარული ხასიათის მიუხედავად, დოკუმენტს პრაქტიკული დატვირთვაც გააჩნია: გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიური ანგარიშის მომზადება ევალება. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.
რეზოლუცია გმობს ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების გაუმჯობესებისაკენ მოუწოდებს.
ბოლო წლებში ეს ინიციატივა გლობალურ გაჩნდა: სხვადასხვა რეგიონიდან ათეულობით ქვეყანა ერთვება მასში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევ საერთაშორისო ძალისხმევაში.
4 ივნისის განხილვის დროს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკური ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ. საქართველოს საგარეო სამინისტრო მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას.