[ძიუდო. ულან-ბატორის გრანდ სლემი] უხეირო დასაწყისი!ერთობ უხეიროდ დაიწყეს ჩვენმა ძიუდოისტებმა გამოსვლა ულან-ბატორის (მონღოლეთი) “გრანდ სლემზე”. სეზონის ამ პირველმა სალიცენზიო შეჯიბრებამ სტარტი 19 ივნისს აიღო, ტატამზე კი 4 ქართველი გავიდა, თუმცა გიორგი სარდალაშვილის (60) გარდა, ყველა ისე დამარცხდა, სანუგეშო წრეშიც ვერ გადავიდნენ. თავად სარდალაშვილი ბრინჯაომდე კი მივიდა, თუმცა დასკვნითი პაექრობა წააგო და ისიც უმედლოდ დარჩა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა სარდალაშვილმა პირველ პაექრობაში ვაზარით დაამარცხა სლოვენიელი დავიდ სტარკელი, იუკოთი აჯობა ყაზახ ამან ბაკიტჟანს, რასაც იპონით წაგება მიაყოლა აზერბაიჯანელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბალაბაი აგაევთან - ერთადერთ კონკურენტულ მეტოქესთან ჯგუფში, ვინც მერე სულაც ჩემპიონი გახდა. თანაც, ფინალში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა. დამამშვიდებელში სარდალაშვილმა ტაივანელი იუნ ვეი იანი დააიპონა, თუმცა ბრინჯაოსთვის პაექრობაში ვაზარით დამარცხდა მასპინძელ სუხბატ ბაიამბასურენთან. ოლიმპიადის ფინალისტმა, ევროპის ორგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა (66) პირველ წრეში პორტუგალიელი მიგელ გაგო დააიპონა, მაგრამ შემდეგ თვითონაც იპონით დამარცხდა რუსთა მომავალ ფინალისტთან, ქვედა წონიდან ამონაცვლებულ რამაზან აბდულაევთან. 66 კილოგრამში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი თორნიკე გიგაურიც გამოდიოდა და ერთი გამარჯვება დააკლდა დამამშვიდებელში გადასვლამდე. ის პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფინელი ლუუკას საჰა დაიპონა. სამაგიეროდ, მეორე შეხვედრა უკვე თვითონ დათმო წმინდად აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვთან და ტურნირსაც დაემშვიდობა. ქალებში ჯულიეტა როდონაია (48) გამოდიოდა და პირველივე პაექრობა წააგო იტალიელ ფრანჩესკა მილანისთან. 20 ივნისს ულან ბატორში ჩვენგან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე - 73), ზაურ დვალაშვილი (81) და ნინო გულბანი (70) გამოვლენ. ქალებში უნდა ეჭიდავა მარიამ ჭანტურიასაც (70), აიწონა კიდეც და წილისყრაშიც იყო შეყვანილი, თუმცა დღეს მოეხსნა ტურნირიდან. შავდათუაშვილი მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც კანადელ იუსტინ ლემირესა და ებრაელ იეჰონათან ელბაზს შორის მოგებულს შეხვდება. ერთი კარგი ამბავიც შავდათუაშვილისთვის: შეჯიბრებიდან მოეხსნა აზერბაიჯანელთა ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონი ჰიდაიეტ ჰეიდაროვი, ვინც ჩვენს ჯგუფში იყო. ტერაშვილი პირველივე წრეში იჭიდავებს კორეელ ჯეაონ ანთან, დვალაშვილი კი ასევე პირველივე ეტაპზე გამართავს პირველ შეხვედრას ბრუნეელ ასკერბილ გერბეკოვთან. მას თუ მოუგებს, მერე იაპონელი იუჰეი ოინო ელოდება. გულბანი მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და ახლავეა ცნობილი იქ მისი კონკურენტი: მასპინძელი ლხაგვადულამ სარანცეცეგი. ძიუდო. ულან-ბატორის გრანდ სლემი. 19 ივნისი ვაჟები. 60 კგ - 1. ბალაბაი აგაევი (აზერბაიჯანი); 2. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია); 3. სუხბატ ბიამბასურენი (მონღოლეთი), იზაკ აშპიზი (ისრაელი); 5. გიორგი სარდალაშვილი (საქართველო) 66 კგ - 1. ტაკეში ტაკეოკა (იაპონია); 2. რამაზან აბდულაევი (რუსეთი); 3. ჩანიეონ კიმი (კორეა), ნიზამი იმრანოვი (აზერბაიჯანი) ქალები. 48 კგ- 1. ვაკანა კოგა (იაპონია); 2. ვენა ჭუანი (ჩინეთი); 3. თუგჩე ბედერი (თურქეთი), ლაურა მარტინეს აბელენდა (ესპანეთი) 52 კგ - 1. უტა აბე (იაპონია); 2. ოდეტა ჯიფრიდა (იტალია); 3. რეკა პუპი (უნგრეთი), ხოროლდოი ბიშრელტი ( არაბთა გაერთიანებული საემიროები) 57 კგ - 1. აკარი ომორი (იაპონია); 2. სარა ლეონი ქისიქე (საფრანგეთი); 3. მაისა პარდაევა (თურქმენეთი), სეია ბალჰაუსი (გერმანია)