ცნობილი ხდება უკრაინელი ოლიგარქის თანმხლების ქალის ვინაობა, რომელმაც მონაკოში მომხდარი ტერაქტის დროს ფეხები დაკარგა - ვინ არის ანა ნასობინა?
ორი დღის წინ, მონაკოში მომხდარი ტერაქტისას, რა დროსაც ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი დაშავდა, მასთან ერთად იმყოფებოდა 46 წლის ანა ნასობინა. ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მისი სიცოცხლისთვის ექიმები იბრძვიან.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ოლიგარქთან ერთად მძიმედ დაშავდა მისი მეუღლე, ანა ერმოლაევაც, თუმცა მოგვიანებით თავად ანამ უკრაინულ მედიასთან საუბარში ეს ცნობა უარყო და აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს სხვა ადგილას იმყოფებოდა:
“ჩვენ ამჟამად უმძიმესი სტრესის მდგომარეობაში ვართ და აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან,“ - განაცხადა მან.
ინტერნეტში ანა ნასობინას არისტოკრატად და ევროპული ელიტარული ინტელექტუალურ-საკლუბო გაერთიანება “Eclectique“-ის დამფუძნებლად მოიხსენიებენ. ის ვადიმ ერმოლაევის გვერდით აღმოჩნდა იმ მომენტში, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებს სწორედ ოლიგარქის აფეთქება სურდათ. ერმოლაევი დაშავდა, ხოლო ანა ნასობინამ მძიმე ტრავმები მიიღო. მედიის ინფორმაციით, ის ვერტმფრენით ნიცის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა - ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალმა მარჯვენა ხელის მტევანიც დაკარგა. ამჟამად ელიტარული კლუბის 46 წლის დამფუძნებლის სიცოცხლისთვის საუკეთესო ექიმები იბრძვიან. მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.
აღსანიშნავია, რომ ანა ნასობინამ ფსიქოლოგ იულია პოლივოდასთან ერთად ჯერ კიდევ 2016 წელს დააარსა დახურული ინტელექტუალურ-საკლუბო სივრცე “Eclectique“. ისინი ერთად აორგანიზებდნენ გამოფენებს, ლექციებსა და ინტერესთა ჯგუფებს ლონდონში, მონაკოსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მსგავს ღონისძიებებს მოსკოვშიც მართავდნენ, თუმცა 2022 წლის შემდეგ პროექტები შეაჩერეს. მუშაობის წლების განმავლობაში ნასობინა ევროპის არისტოკრატიულ წრეებში შევიდა, დაუახლოვდა ბევრ რუსულენოვან ბიზნესმენსა და მაღალი საზოგადოების წარმომადგენელს. 2020-იანი წლების დასაწყისში ანას და იულიას შეუერთდნენ ნატალია გორნაევა-კრიმსკაია და ფუფუნების წესით ცხოვრების შესახებ ჟურნალის შემქმნელი სვეტლანა ზახაროვა.
ნასობინა ოლიგარქ ვადიმ ერმოლაევის საყვარელი ქალი იყო, თუმცა მათ ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული არ აქვთ. ერმოლაევი ოფიციალურად დაქორწინებულია - მისი მეუღლე ასევე ევროპაში ცხოვრობს. მედია იტყობინება, რომ ოლიგარქი და მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ქალი უკვე მრავალი წელია ერთად არიან, მათ საერთო ვაჟიც ჰყავთ, რომელიც ტერაქტის მომენტში ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის სიახლოვეს იმყოფებოდა - ბიჭმაც სერიოზული ტრავმები მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 29 ივნისის საღამოს, რევერანდ-პერ-ლუი-ფროლას ქუჩაზე მოხდა. დაახლოებით 21 საათზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დატოვეს ზურგჩანთა, რომელშიც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. ვიდეომეთვალყურეობის კამერებმა დააფიქსირა, რომ ის ზუსტად იმ მომენტში აფეთქდა, როდესაც ბიზნესმენი ერმოლაევი ნასობინასთან და არასრულწლოვან ვაჟთან ერთად სადარბაზოს უახლოვდებოდა.
მონაკოს სპეცსამსახურები პოლიტიკურ მოტივს განიხილავენ და ტერაქტს კვალიფიკაციას “მკვლელობის მცდელობის“ მუხლით იძიებენ. გავრცელებული ხმების თანახმად, ერმოლაევს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მონაკოში ცხოვრობდა, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის გარკვეული ფასეული ინფორმაციის მიწოდება სურდა. ტერაქტის დროს ბიზნესმენმა ძლიერი დამწვრობა მიიღო და ნიცის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ვერტმფრენით ტულონის სენტ-ანის ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ მარსელში გადააფრინეს.
სიტუაციას ადგილობრივი პოლიცია და სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ევროპელები შოკირებულნი არიან, რადგან მთელი ისტორიის განმავლობაში მონაკოში ტერაქტი არასდროს მომხდარა. მეზობელი ნიცის მერმა განაცხადა, რომ დამნაშავეები ნაპოვნი და დასჯილი იქნებიან. “ჩემი ფიქრები მსხვერპლთან, მათ ოჯახებთან და მონაკოს ხალხთანაა. სრული მხარდაჭერა უსაფრთხოების ძალებსა და სამაშველო სამსახურებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ“, - დაწერა ერიკ სიოტიმ სოციალურ ქსელში.