უკრაინამ ვორონეჟში რაკეტებით დაარტყა სამხედრო დანიშნულების ქარხანას
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები, რომ 22 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მდებარე სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე.რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს და მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, ქალაქ ვორონეჟში დარტყმა იყო ნახევარგამტარების ქარხანაზე. რუსეთის პროსახელისუფლებო არხების ცნობით, შეტევა განხორციელდა რაკეტებით Storm Shadow.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს კონკრეტულად Storm Shadow არ უხსენებია, თუმცა 22 ივნისს დღისით განაცხადა, რომ „მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებით” დაარტყეს ვორონეჟის ქარხანას, რომელიც კომპონენტებს აწარმოებს რუსული რაკეტებისთვის „ისკანდერი“ და სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციას.ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა დაადასტურა, რომ ქალაქ ვორონეჟში დაზიანებულია „ერთ-ერთი საწარმოს სამრეწველო ობიექტები”. კონკრეტულად რომელი საწარმოსი, გუბერნატორს არ უთქვამს. მისივე ცნობით, ქალაქში დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ფასადებიც და სამი ადამიანი დაშავდა.
ასევე ნახეთ
უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში დაარტყეს კოსმოსური კავშირის ცენტრს