უკრაინამ რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში სამხედრო ქარხანაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ რუსული Telegram-არხები ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით წერენ.
თვითმხილველების მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, უკრაინამ სამხედრო ქარხანა ტიტან-ბარიკადის დაარტყა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი თავდაცვითი საწარმოა და სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის გამშვებ დანადგარებს აწარმოებს.
რუსული Telegram-არხი Astra გავრცელებული ვიდეო მასალის ანალიზის შემდეგ წერს, რომ იერიში უკრაინული წარმოების შორი მოქმედების ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა.
მოგვიანებით ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა, რომ ღამით ქალაქზე უკრაინულმა “მაღალსიჩქარიანმა საჰაერო სამიზნეებმა” იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კრასნოოქტიაბრსკის რაიონში მდებარე “ერთ-ერთი საწარმოს ობიექტები” დაზიანდა.
ბოჩაროვის თქმით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის კერები სწრაფად ლოკალიზდა და საცხოვრებელი შენობები არ დაზიანებულა.
Astra აღნიშნავს, რომ აღნიშნული საწარმო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა და სახელმწიფო კოსმოსური კორპორაცია როსკოსმოსის შემადგენლობაში შედის. საწარმო ავითარებს, ამოწმებს და აწარმოებს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განკუთვნილ გამშვებ დანადგარებს, მათ შორის იარსის, ტოპოლ-М-ისა და სარმატის სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე ისკანდერ-М ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო სისტემისთვის. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს მძიმე საარტილერიო სისტემებს, საზღვაო საარტილერიო დანადგარებსა და სანაპირო ანტისაზღვაო სარაკეტო სისტემებს.