უკრაინამ მოსკოვსა და ბრიანსკს შეუტია - შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში: ღამის ქრონიკა
უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ბრიანსკსა და ოკუპირებულ ბერდიანსკში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, მოსკოვის ოლქში კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს - აფეთქებებია ქალაქ მოსკოვშიც. უკრაინული ტელეგრამარხების ინფორმაციით, მოსკოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან და სავაჭრო ცენტრ სადოვოდთან საჰაერო თავდაცვის სისტემები დააყენეს, ქალაქში კი აფეთქებების ხმა ისმის. რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით შეტევის შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.
რუსეთის დედაქალაქს დაახლოებით 60 დრონით შეუტიეს, მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე და “ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ათობით დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ. “როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. მანამდე, შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტშიც.