Reuters: უკრაინის დრონებმა მოსკოვში დააზიანეს ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოს საკვანძო მოწყობილობა
უკრაინის დრონებმა მოსკოვის კაპოტნიას ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე თავდასხმისას 18 ივნისს ზიანი მიაყენეს ნავთობის გადამამუშავებელ ბლოკს “ევრო+”. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, სანავთობო მრეწველობაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით.კომპლექსის შემადგენლობა მოიცავს ნავთობის პირველადი გადატანის მოწყობილობას АВТ-6, დღე-ღამეში 140 ათასი ბარელის მოცულობით - რომელზეც მთელი საწარმოს პირველადი გადამუშავების სიმძლავრის 47 პროცენტამდე მოდის. სააგენტოს წყაროთა მონაცემებით, ასევე დაზიანებულია ნავთობის და ნავთობის პროდუქტების შემნახველი რეზერვუარები, მილსადენები და დამხმარე აღჭურვილობა. შესაძლებელია დაზიანებული იყოს საწარმოს პირველადი გადამუშავების ორი ძირითადი მოწყობილობიდან ერთ-ერთი. სწორედ ეს მოწყობილობები აწვდის ნედლ მასალას ქარხნის წარმოების დანარჩენ ხაზებს. Reuters-ის წყაროთა თქმით, 16 ივნისს განხორციელებული, წინა თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა და იმედოვნებდა, რომ კვირის შუა პერიოდში აღადგენდა კომპლექს “ევრო+”-ის გამოყენებას. რემონტის პერიოდში საწარმო იყენებდა თავისი სიმძლავრის მხოლოდ ნახევარს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ საკვანძო მიმწოდებელს რუსეთის დედაქალაქის რეგიონისთვის. ექსპერტთა შეფასებით, მიყოლებით განხორციელებული ორი შეტევის შემდეგ საწარმომ შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე არ იმუშაოს.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: დროა რუსეთის მოქალაქეები გამოფხიზლდნენ და დაიწყონ პუტინზე ზეწოლა