← მთავარი
მსოფლიო

ელჩი გაეროში: უკრაინამ შესაძლოა გაამკაცროს რუსეთთან მოლაპარაკებისადმი მიდგომა

23 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ელჩი გაეროში: უკრაინამ შესაძლოა გაამკაცროს რუსეთთან მოლაპარაკებისადმი მიდგომა

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრი მელნიკმა 22 ივნისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კიევმა შესაძლოა გადასინჯოს თავისი მიდგომა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი და უარი თქვას კონფლიქტის გაყინვაზე ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე - იმ ფონზე, როცა ფართოვდება რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში გრძელი რადიუსით მიტანილი იერიშები. მელნიკის სიტყვებს უკრაინის მედია ავრცელებს.უკრაინის წარმომადგენლის თქმით, კიევი კვლავაც “მზადაა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად, გაეროს ქარტიის შესაბამისად”. ამასთან, მელნიკის თქმით, უკრაინის მოთმინება “უსაზღვრო არ არის”. ელჩი აღნიშნავს, რომ მიდგომა შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაშიც, თუკი უშიშროების საბჭო ახლო მომავალში მხარს არ დაუჭერს რეზოლუციას, რომლითაც დაიგმობა რუსეთის აგრესია - რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უშიშროების საბჭოში თავად რუსეთს აქვს ვეტოს უფლება.თავის გამოსვლაში მელნიკმა აუდიტორიას შეახსენა მოსკოვზე ახლახან მიტანილი იერიშები და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის ტერიტორიების დატოვებისკენ.უკრაინა ოფიციალურად დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ხაზზე მალევე მას მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია. მელნიკის თქმით, ეს თანხმობა კიევის მხრიდან დიდი დათმობა იყო. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ უკრაინა თავის ტერიტორიებზე ამბობს უარს.რუსეთი მთელი ამ დროის განმავლობაში არ თანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. მის მოთხოვნებს შორისაა მთელი დონეცკის ოლქის მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადასვლა - რაც უკრაინისთვის მიუღებელია.რუსეთის წარმომადგენლებმა სამშაბათს კვლავ გაიხსენეს გასული წლის აგვისტოში ანკორიჯში გამართული შეხვედრა აშშ-ის და რუსეთის ლიდერებს შორის - სადაც თითქოს მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებებს უკრაინის საკითხზე. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა საფრანგეთში ახლახან გამართული “დიდი შვიდეულის” სამიტის შესახებ თქვა, რომ “G7-ის ქვეყნებმა ევიანში გააკეთეს ყველაფერი, რათა ანკორიჯის სულისკვეთება დავიწყებას მისცემოდა”. სერგეი ლავროვის თქმით, მას “ფიქრიც კი არ სურს” იმაზე, რომ ალიასკის სამიტი ჩაფიქრებული იყო “კიევის შესაიარაღებლად დროის მოსაგებად”.გაეროში აშშ-ის ელჩი დენ ნეგრეა ამბობს, რომ რუსეთმა “უნდა გააფორმოს გარიგება” ომის დასრულების შესახებ, რადგან “დრო მოსკოვის სასარგებლოდ არ მუშაობს”. მისი თქმით, რუსეთის დანაკარგები თვეში 40 000 ადამიანს შეადგენს და მის ეკონომიკაში დიდი დაძაბულობაა. გაეროში აშშ-ის ელჩი გმობს რუსეთის მხრიდან მიტანილ ახალ დარტყმებს უკრაინაზე.

ასევე ნახეთ

ზელენსკის ნაცვლად პოლონეთში უკრაინის დელეგაციას პრემიერი სვირიდენკო უხელმძღვანელებს

← მთავარი